თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და აშშ საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორებია

თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და აშშ საქართველოს მტავარი სავაჭრო პარტნიორებია. ამის შესახებ ირკვევა საქსტატის დღეს განახლებული 4 თვის საგარეო ვაჭრობის მონაცემებიდან.  2021 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 72.2 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (594.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (476.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (425.6 მლნ. აშშ დოლარი).

აზერბაიჯანთან წელს საქართველომ 335. 6 მილიონი დოლარი ფარგლებში ივაჭრა. ორ ქვეყანას შორის 2021 წლის იანვარ-აპრილში, 2020 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა 8.5%-ითაა გაზრდილი. 

აშშ-სთან კი ქვეყანას წელს  219. 4 მილიონის სავაჭრო ბრუნვა უფიქსირდება, რაც წლიურ ჭრილში 5.6%-იან ზრდაზე მიუთითებს.

ცნობისთვის, წელს ჩინეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია, ხოლო ქვეყნის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასე დაკომპლექტდა: თურქეთი რუსეთი ჩინეთი აზერბაიჯანი და აშშ.

2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 928.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.8 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 1 198.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (19.6 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 2 730.0 მლნ. აშშ დოლარს (10.1 პროცენტით მეტია). 

დროის ამავე მონაკვეთში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-აპრილში, 1 531.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.0 პროცენტია.