24 წლის მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ მეორე პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

24 წლის მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ მეორე პირს ვახტანგ ბურძენაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. 

როგორც Report.ge-ს საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს, ბურძენაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილითა და სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი პრიმას ბ ქვეპუნქტით წარედგინა. აღნიშნული მუხლები ჯგუფურ ძალადობასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.. 

უწყების ინფორმაციით, სასამართლოს სავარაუდოდ, დღესვე მიმართავენ. 

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ე.წ დამპალოს სასაფლაოზე, 2 იანვარს, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელს, ზ.ფ-ს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ფოფხაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. ის ბრალს აღიარებს.

ზურაბ ფოფხაძეს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეორე ნაწილით და 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას, ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.