"პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ გიორგი მაღრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. 

პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვდა.

პროკურატურის პოზიციას თავად ბრალდებული არ დაეთანხმა.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.

შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისს, ძალადობის მსხვერპლი 55 ადამიანი გახდა, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია.

დაშავებულთა შორის არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი. 

პროკურატურამ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობის ფაქტზე გიორგი მაღრაძეს ბრალდება დღეს წარუდგინა.