ადვოკატები ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას ასაჩივრებენ

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, 11 პირის მიმართ, მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, დაკავებულთა ადვოკატები დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

ადვოკატებს მიაჩნიათ რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. 

ცნობისთვის, 27 ივლისს გამართულ პროცესზე ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

28 ივლისს კი, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაკავებული 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო. მათი სასამართლო სხდომა 31 აგვისტოს შედგება.

რაც შეეხება 6 არასრულწლოვანს - მათი პროცესი 31 ივლისს გაიმართება.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.