დედაქალაქის მერობის კანდიდატი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მადლობას უხდის, რადგან მისი თქმით, ვერავინ შეძლებდა ასეთი წარმატებით საკუთარი პარტიის განადგურებას.
როგორც კალაძე აცხადებს, სააკაშვილის განცხადება მხოლოდ მისი პარტიის ამომრჩევლის დაბნევას ემსახურებოდა.
"მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს, ვერავინ ასეთ მდგომარეობაში ვერ ჩააგდებდა თავის პარტიას წინასაარჩევნოდ, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. ვერავინ ასე ვერ გააფუჭებდა საკუთარ პარტიას. დანარჩენს ვნახავთ ხვალ, ორ ოქტომბერს.
ეს ყველაფერი არის სისულელე, ეს ნაბიჯი იყო მცდელობა, რომ საზოგადოება შეეყვნათ შეცდომაში, თითქოს მიშა არის ბათუმში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ნაბიჯით გააფარჩაკა საკუთარი პარტია და სამწუხაროდ ამ პარტიის კანდიდატიც " - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ის ბათუმშია.
ვიდეოს გამოქვეყნებამდე სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის უკვე საქართველოშია.
როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სააკაშვილს საქართველოსსაზღვარი არ გადმოუკვეთავს.