ხელისუფლებას სიტუაცია ესკალაციამდე არ მიეყვანა, სჯობდა - იოსელიანი

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სწორია. ჩემი ინფორმაციით, გორის ჰოსპიტალი სრულად აღჭურვილი ჰოსპიტალია, სადაც უსაფრთხოების ზომები უფრო მეტად არის დაცული, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილას, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა.

„გორის ჰოსპიტალში მისი ჯანმრთელობა უკეთ იქნება გამოკვლეული და დაცული. კარგი იქნებოდა, ხელისუფლებას ეს ნაბიჯი უფრო ადრე გადაედგა და სიტუაცია ესკალაციამდე არ მიეყვანა, მაგრამ სჯობს, გვიან, ვიდრე არასდროს. იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ სიტყვას დაიცავს და იმ ჰოსპიტალთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იქნება, საპროტესტო აქციებს არ გამართავს. ქვეყნისა და მოქალაქეების სასარგებლოდ პასუხისმგებლობა ორივე მხარემ უნდა გამოიჩინოს. ორი პარტიის ბრძოლას ხალხის ინტერესები არ უნდა გადაყვეს. ხალხის ინტერესები ნამდვილად არ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და „ქართული ოცნების“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გამარჯვება. ხალხს სხვა პრობლემები და წუხილი აქვს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

შეგახსენებთ, 18 ნოემბრის საღამოს, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და წაიქცა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 50-ე დღეა შიმშილობს.