Sinovac-ის ორი დოზა "ომიკრონის" წინააღმდეგ არაეფექტურია

ჩინეთში ჩატარებული უახლესი კვლევების თანახმად, Sinovac-ის ვაქცინა კორონავირუსის "ომიკრონ" შტამის წინააღმდეგ საკმარის ანტისხეულებს არ გამოიმუშავებს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ გამოცემა South China Morning Post წერს.

„ომიკრონმა“ ჩინური ვაქცინები Covid-ის საფრთხის წინააღმდეგ კიდევ უფრო არაეფექტური გახადა. ახლა ჩინეთის ხელისუფლების გამოწვევა მოსახლეობის ვაქცინაციის კამპანიაში ხელახლა ჩართვა იქნება“, - განაცხადა ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ნიკოლას ტომასმა.

გამოცემის ცნობით, 25 ადამიანის ნიმუშების შეისწავლით დადგინდა, რომ  Sinovac-ის ვაქცინის ორი დოზის მიღების შემდეგ არცერთს არ ჰქონდა საკმარისი ანტისხეულები ახალი ვარიანტის გასანეიტრალებლად.

თუმცა, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მესამე ბუსტერული დოზა "ომიკრონის" წინააღმდეგ ანტისხეულების რაოდენობას ზრდის.

უახლესი კვლევების თანახმად, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის ორი დოზა კორონავირუსის "ომიკრონ" შტამით ინფიცირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის რისკს 70%-ით ამცირებს.

რაც შეეხება ბუსტერულ დოზას,Report.ge წერდა, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის სამი დოზა კორონავირუსის ახალ შტამს "ომიკრონს" ანეიტრალებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 თავდაპირველად აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.