კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" 5 და 6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხება.

ანგარიშში გაანალიზებულია მედიაზე ძალადობის წინაპირობები და სამართლებრივი ასპექტები.

ორგანიზაციის ცნობით, შეფასება ემყარება საჯარო და ღია წყაროებში არსებულ ინფორმაციას.

დოკუმენტში აღწერილია ძალადობრივი მოვლენები და შედეგები: ჟურნალისტებისა და ოპერატორების დაზიანების ფაქტები და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის შემთხვევები, სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობა და მიზანშეწონილობა. ასევე, განხილულია 5 – 6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დამნაშავე პირების გამოვლენის, დაკავებისა და სასამართლოებში საქმის წარმოების პრაქტიკა.

ვრცლად, კოალიციის ანგარიში

შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.

შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისს, ძალადობის მსხვერპლი 55 ადამიანი გახდა, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია.

რადიკალური ჯგუფები, მედიის წარმომადგენლებს 6 ივლისსაც დაესხნენ თავს.

"ტვ პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას 5 ივლისის მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ის რამდენიმე დღის განმავლობაში "ნიუ ჰოსპიტალსში" მკურნალობდა.

11 ივლისს კი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

ლექსო ლაშქარავა 13 ივლისს დაკრძალეს.