ლაშქარავას გარდაცვალებას 78% სრულად ან ნაწილობრივ უკავშირებს 5 ივლისს - Edison Research

Edison Research-ის გამოკითხვის შედეგებით, "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას მოსახლეობის უმრავლესობა სრულად ან ნაწილობრივ (39-39%, ჯამში 78%) უკავშირებს 5 ივლისის მოვლენებს. მხოლოდ 22% ამბობს, რომ ლაშქარავას გარდაცვალება ამ დღეს საერთოდ არ უკავშირდება.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშრისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.

შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისს, ძალადობის მსხვერპლი 55 ადამიანი გახდა, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია.

რადიკალური ჯგუფები, მედიის წარმომადგენლებს 6 ივლისსაც დაესხნენ თავს.

"ტვ პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას 5 ივლისის მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ის რამდენიმე დღის განმავლობაში "ნიუ ჰოსპიტალსში" მკურნალობდა.

11 ივლისს კი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

ლექსო ლაშქარავა 13 ივლისს დაკრძალეს.