აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინაცია ჩატარდა

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა გააკეთეს. ამის შესახებ "ტვიტერში" აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი წერს.

”პირველი ვაქცინა შეყვანილია. ვულოცავ აშშ-ს! ვულოცავ მსოფლიოს!", - წერს ის.

მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯერ არ აპირებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. ტრამპის თქმით, ის აცრას "შესაბამის დროს" გაიკეთებს.

შეგახსენებთ, კომპანია Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული ან ლიცენზირებული არ არის, თუმცა, 12 დეკემბერს ადმინისტრაციამ 16 წელს მიღწეულ პირებში მისი გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გამოყენების ნებართვა გასცა.