AstraZeneca-ს ვაქცინის შესახებ კლინიკური კვლევების შედეგი ცნობილია

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, აშშ-ში ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგები AstraZeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებით ცნობილია

კვლევაში 32 000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. უმეტესობა აშშ-დან იყო, თუმცა კვლევაში ასევე ჩართულნი იყვნენ პირები ჩილედან და პერუდან.

აღმოჩნდა, რომ ვაქცინა ადამიანის ორგანიზმს ვირუსისგან 79%-ით იცავს, ხოლო კორონავირუსის მძიმე ფორმებში განვითარებისგან - 100%-ით. 

კვლევებით დადგინდა, რომ ვაქცინა საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, მათ შორის, ის არ იწვევს თრომბოემბოლიას.

კვლევის პასუხებმა, შესაძლოა, გავლენა იქონიოს ევროპის იმ ქვეყნებზე, რომლებმაც შეაჩერეს  AstraZeneca-ს გამოყენება. 

აღსანიშნავია, რომ ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე განაახლა ოქსფორდის ვაქცინის გამოყენება, მას შემდეგ, რაც მარეგულირებელმა სააგენტოებმა ვაქცინის უსაფრთხოებაზე ანგარიში გამოაქვეყნეს. 

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებისაკენ მოუწოდებს. 

მანამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა დაასკვნა, რომ თრომბის კავშირი AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან არ დასტურდება. მათივე განცხადებით, ვაქცინის სარგებელი აჭარბებს რისკებს.

18 მარტს, ევროპის წამლის სააგენტომ AstraZeneca-ს ვაქცინას მწვანე შუქი აუნთო. ევროპის წამლის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.