დიდი ბრიტანეთი მოქალაქეებს აფრთხილებს

დიდი ბრიტანეთი მოქალაქეებს ურჩევს თავი აარიდონ ერაყში მოგზაურობისგან. ამის შესახებ განცხადება დღეს ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყებამ გაავრცელა.

"მომატებული დაძაბულობის გამო გირჩევთ, არ იმოგზაუროთ ერაყის ტერიტორიაზე, გარდა ქვეყნის ქურთული რეგიონისა. ასევე, გთხოვთ ფრთხილად შეაფასოთ ირანში მოგზაურობის აუცილებლობაც", - ნათქვამია განცხადებაში. 

3 იანვარს აშშ-ის თავდაცვის უწყებამ სამხედრო ოპერაციის შედეგად ქასემ სულეიმანი მოკლა. გენერალი სულეიმანი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ქუდსის“ ხელმძღვანელი იყო, რომელიც აშშ-მა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. სარაკეტო დარტყმა ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად მოხდა. ინფორმაცია პენტაგონში დაადასტურეს.

აშშ-მა საკუთარ მოქალაქეებს ერაყის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ Express -ი აქვეყნებს. აშშ-ი შიშობს, რომ სპეცოპერაციას ერაყსა და რეგიონში ვითარების უკიდურესი დაძაბვა მოჰყვება, რაც შესაძლოა, სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს.