"ომიკრონით" სიკვდილიანობის მონაცემები ჯერ არ გვაქვს - ჯანმო

კორონავირუსის ახალი შტამით, "ომიკრონით" გარდაცვალების შესახებ მონაცემები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჯერ არ აქვს, - ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენელმა, კრისტიან ლინდმაიერმა განაცხადა.

”მე ჯერ არ მინახავს სიკვდილის შესახებ ჩანაწერები, რომლებიც შტამ Omicron-თან არის დაკავშირებული. მაგრამ ჩვენ ვაგროვებთ ყველა მტკიცებულებას და ის კიდევ იქნება, რადგან სულ უფრო მეტი ქვეყანა ავლენს და ტესტავს ადამიანებს“, - განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ახალი შტამის შესახებ უფრო ზუსტი მონაცემები რამდენიმე კვირაში გამოჩნდება. ამავდროულად, ლინდმაიერმა დასძინა, რომ წინასწარი კვლევების თანახმად, Omicron, შესაძლოა, COVID-19-ის წინა შტამებზე უფრო გადამდები იყოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.