პენტაგონმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ვიდეო გაასაჯაროვა - VIDEO

პენტაგონმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ვიდეო გაასაჯაროვა.

სპეცოპერაცია სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, იდლიბის პროვინციაში ჩატარდა. აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ ე.წ. შაჰიდის ქამრით აიფეთქა თავი.

როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა კენეტ მაკკენზიმ განაცხადა, ოპერაციის დროს მოკლულია „ისლამური სახელმწიფოს“ ექვსი წევრი – ოთხი ქალი და ორი მამაკაცი, მათ შორის დაჯგუფების ლიდერი. მაკკენზის ინფორმაციით, ალ-ბაღდადის მიერ „ქამრის“ აფეთქებას ასევე ემსხვერპლა ორი ბავშვი, რომელიც მასთან ერთად საიდუმლო გვირაბში იმყოფებოდა. 

„ეს ოპერაცია დეტალურად დაგეგმილი და შესრულებული იყო. ის აჩვენებს აშშ-ის გლობალურ წვდომას და ჩვენს ურყევ გადაწყვეტილებას, გავანადგუროთ „ისლამური სახელმწიფო“, – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია 27 ოქტომბერს გავრცელდა. ISIS-ის ლიდერის სიკვდილი აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა.