ყაზახეთის პრეზიდენტმა ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ტერორისტების ლიკვიდაციისთვის ცეცხლის გაუფრთხილებლად გახსნის ბრძანება გასცა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ყაზახეთის პრეზიდენტმა საზღვარგარეთის ქვეყნების მიერ გაჟღერებულ ტერორისტებთან მოლაპარაკების წინადადებას "სულელური" უწოდა. 

მან  საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს მიუსამძიმრა. 

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად მოკლულია 26 ადამიანი, დაშავდა 18, დაკავებულია 3 000 მეტი მოქალაქე.

მანამდე, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ კონსტიტუციური წესრიგი რესპუბლიკის ყველა რეგიონში აღდგენილია და ადგილობრივი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს.

ცნობისთვის, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ყაზახეთში ერთდროულად რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები ბუნებრივ აირზე საფასურის ზრდას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. ალმათში და დასავლეთ მანგისთაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე "კომენდანტის საათი" დაწესდა. გარდა ამისა აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაციით, რამდენიმე ქალაქში დაკავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.

ყაზახეთში საპროტესტო აქციების შედეგად უკვე ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა.