ეკონომიკურ საკითხებზე სპეციალური საბჭო იმუშავებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ ეკონომიკურ საკითხებზე სპეციალური საბჭო იმუშავებს და მას პრემიერ-მინისტრი ქმნის. მთლიანობაში ბიზნესმენი პოზიტიურად აფასებს შეხვედრას და დასძენს, რომ ბიზნესისა და პრემიერის პოზიციები დაემთხვა, რის გამოც შეხვედრის მონაწილეები კმაყოფილები დარჩნენ.

„თანხვედრაა ხედვების და განვითარების ნაბიჯების, რაც დღეს-ხვალ უნდა გაკეთდეს. თვითონ პრემიერი თავის საქმეს როგორ დაგეგმავს არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ საბჭოს შექმნის ამა თუ იმ მიმართულებით - მაგალითად სოფლის მეურნეობაში. ჩავერთვებით ჩვენც და კონკრეტულ საკითხებზე ვიმსჯელებთ. შევთანხმდით, რომ უტოპიურ საკითხებზე არ ვიმსჯელებთ.  ყველაზე მთავარი მესიჯი, არის ის, რომ ეს პრემიერი არის პრობიზნესური. ახლა ისეთი კრიტიკული და გარდამტეხი სიტუაციაა, რომ ისიც კი, რომ ადამიანი აცხადებს, რომ პრობიზნესურია, ის, რომ ახალგზარდაა, ჯანღონით-სავსეა, განათლებულია და კარგი ოჯახი აქვს...უკვე კარგია... ლარის კურსს შველის ზუსტად ეს - ის, რომ (პრემიერი) პრობიზნესურია”,- აცხადებს ლაშა პაპაშვილი.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი, ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც მაკროეკონომიკური მიმართულებით მუშაობენ. ეს ბიზნესთან ღარიბაშვილის პირველი ოფიციალური შეხვედრაა პრემიერის რანგში. ბიზნესთან შეხვედრა პრემიერმა გუშინ დაანონსა და ერთგვარი პირობაც დადო, რომ მთავრობა იქნება ბიზნესზე ორიენტირებული, პრობიზნესური.

შეხვედრაზე მთავრობამ და ბიზნესმა ლარის კურსის ბოლოდროინდელ გაუფასურებაზეც ისაუბრეს. გადაწყდა, რომ გაიმართება მორიგი შეხვედრა და ამ საკითხზე, ანუ, ლარის კურსზე სებ-ი, ბიზნნესი და მთავრობა იმსჯელებს.

ბიზნესი პრემიერთან 10-პუნქტიანი გეგმით მივიდა.

მთლიანობაში ბიზნესი პოზიტიურად აფასებს შეხვედრას და დასძენს, რომ ბიზნესისა და პრემიერის პოზიციები დაემთხვა, რის გამოც შეხვედრის მონაწილეები კმაყოფილები დარჩნენ.