რას გულისხმობს შრომის ინსპექციის გაფართოებული უფლება

დასაქმებულების უფლებების დაცვის მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. დასაქმებულებს, მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, შეეძლებათ, რომ უშუალოდ შრომის ინსპექციას მიმართონ და ისინი სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან. გარდა ამისა, დასაქმებულის იდენტიფიცირების გარეშე, პროფკავშირს ექნება საშუალება კომპანიის შემოწმება მოსთხოვოს შრომის ინსპექციას. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი ინსპექციამ დააჯარიმოს დამსაქმებელი. 

როგორც ,,გაერთიანებული პროფკავშირების" ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ჭანტურიძე აღნიშნავს, ამით სასამართლოსადმი მიმართვიანობა შემცირდება და მოქალაქეების უფლებებიც უფრო მეტად იქნება დაცული.

,,ყოველ გვქონდა რეკომენდაცია, რომ შრომის ინსპექციას უნდა ეკონტროლებინა შრომის ბაზარზე დასაქმებულების უფლებები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანები მუდმივად აწყდებოდნენ პრობლემას და კანონიც დიდწილად დამსაქმებლების ინტერესებზე იყო მორგებული. ამიერიდან შრომის ინსპექციია გააკონტროლებს უშუალოდ ისეთ უფლებებს, რომელიც ადგილზე ირღვევა და არა, ვთქვათ, გათავისუფლების შემდეგ, რადგან ეს უკვე სასამარლოს პრეროგატივაა. დისკრიმინაცია და მსგავსი დარღვევები შრომის ინსპექციის მიერ შემოწმდება. დასაქმებულს თვითონ შეეძლება, დარეკოს მარეგულირებელ სტრუქტურაში და შრომის ინსპექტორი პრობლემას ადგილზევე შეისწავლის. დარღვევის შემთხვევაში, მოხდება გამოვლენა და დასაქმებულს სასამართლოს მიმართვა არ დასჭირდება. არის შემთხვევები, როცა საქმეები 3 წლით და მეტი ვადითაც იწელება, რაც დიდ დისკომფორტს ქმნის. ცხადია, ამ მხრივაც შეიცვლება სიტუაცია, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს, რომ დასაქმებული მოქალაქეების უფლებები დაცული იყოს", - აღნიშნავს report.ge-თან გიორგი ჭანტურიძე.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 01 იანვრიდან შრომის ინსპექციის უფლებამოსილება ფართოვდება.შესაბამისად, შრომის ინსპექცია შრომითი უსაფრთხოების გარდა, შეამოწმებს შრომის უფლებების დაცვის საკითხს. 

შრომის ახალი კოდექსი პარლამენტმა 17 ოქტომბერს დაატკიცა. ბიზნესი განხორციელებულ ცვლილებებს იწონებს. დადებითად აფასებენ შრომის კანონში შესულ ცვლილებებს აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებიც.