საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში ე.წ. „რიყის დოქები“ გასაყიდად კვლავ გამოიტანა. ამჯერად ობიექტის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 71 250 000 ლარს შეადგენს.
აუქციონის პირობების მიხედვით აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ინვესტორმა უნდა უზრუნველყოს მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობა და ფუნქციონირების დაწყება, რისთვისაც არანაკლებ 10 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
ცნობისთვის ეს ობიექტი 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ ლარად იყო გამოტანილი, თუმცა ლოტზე ვაჭრობა არ შედგა, ანუ უძრავი ქონება არავინ იყიდა.
კიდევ უფრო მანამდე ობიექტს თბილისის მერია 1 ლარად ჰყიდდა და არ გაიყიდა. კალაძემ ინვესტორების დაბალი ინტერესი იმით ახსნა, რომ ობიექტზე დაახლოებით 20 მილიონის სამუშაოებია ჩასატარებელი, რომ მთლიანად მოწესრიგდეს, რემონტი ჩატარდეს და რამე კონკრეტული ფუნქცია მიენიჭოს. კალაძე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ აცხადებდა მზაობას, რომ, თუ პრივატიზება ვერ მოხდებოდა, თანხები ობიექტის მოსაწესრიგებლად, შესაძლოა მერიას გამოენახა.
ცნობისთვის, უფრო ადრე, "რიყის დოქებში" გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს ღვინის მუზეუმის განთავსების იდეა ჰქონდა.