საწვავის 3 ლარამდე გაძვირებას ელიან

"ნავთობის ფასის მზარდი დინამიკისა და ლარის გაუფასურების საფუძველზე შეგვიძლია სამწუხაროდ დავასკვნათ, რომ 2021 წელს საწვავის ფასი 1 ლიტრზე 3 ლარიან ნიშნულს მიუახლოვდება," - ამის შესახებ სატრანსპიორტო საკითხების ექსპერტი, ორგანიზაცია "ჰაბ ჯორჰჯიას" ყოფილი პრეზიდენტი, ვასო ურუშაძე აცხადებს.

2021 წლის 15 მარტის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 68.88 (- 0,34) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 65,39 (- 0,22) დოლარი/ბარელზე.

კომპანია „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორი ვასილ ხორავა ამბობს, რომ ბოლო სამ თვეში, საწვავის ფასები ხუთთეთრიანი ნიშნულით, დაახლოებით 6-ჯერ დაკორექტირდა. 

"წლის დასაწყისიდან დღემდე, ჩვენს ქსელში საწვავის ფასი გაზრდილია 30 თეთრით. ერთი ტონა საწვავის ფასი $450 -დან კი $200-ით $650-მდე გაიზარდა“, - აღნიშნავს ხორავამ და საწვავის გაძვირების გაგრძელებას აანონსებს. 

„გვაქვს ნაშთები და ჩვენს ქსელში ფასი მყისიერად არ იზრდება. ფასი იცვლება ორ კვირაში ერთხელ 3-5-თეთრიანი ნიშნულით, რომ ეს არ იყოს ძალიან შემაწუხებელი. თუმცა თუ ავიღებთ სამი თვის სურათს, 30 თეთრი საკმაოდ დიდი ნიშნულია“, - განმარტავს ხორავა.

16 მარტის მონაცემებით, ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე, ერთი ლიტრი ევრო/რეგულარის ფასი 2.49 ლარია, სუპერის - 2.81 ლარი.

წელს ნავთობის ფასის 80 დოლარამდე ზრდას პროგნოზირებენ. ამჟამინდელი ტრენდით თუ ვიმსჯელებთ, ფასები ფაქტობრივად ეპიდემიამდენ ნიშნულს უბრუნდება.

საქართველოში საწვავი 2 დღეში 5 თეთრით გაძვირდა, რასაც საგანგაშოს უწოდებენ სატრანსპორტო კვლევის ცენტრში და დასძენენ, რომ ბიზნესს საწვავზე გაზრდილი ხარჯი მოგებას უმცირებს. ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილი report.ge-სთან ამბობს, რომ 14 მარტის ბოლოს საწვავი საქართველოში 2,56 ლარი ღირდა, ხოლო 15 მარტს დილით უკვე მისი ფასი 2.61 ლარამდე გაიზარდა.