შეიძლება, სახელმწიფო საწარმოები მასიურად პრივატიზაციას დაექვემდებაროს

სახელმწიფო საწარმოების დიდი ნაწილი, შესაძლოა, პრივარიზაციას დაექვემდებაროს. ამის შესახებ report.ge-თან ეკონომისტი გივი მომცელიძე საუბრობს. მისი თქმით, რეფორმა იძლევა შესაძლებლობას, რომ სწარმოები თანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ, რაც ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციას შუწყობს ხელს. როგორც ეკონომისტი ამბობს, ამ ხნის განმავლობაში ბიზნესი სახელმწიფო საწარმოებს ვერ უწევდნენ კონკურენციას და ზარალდებოდნენ, რის დაძლევაც სამომავლოდ სწორედ რეფორმის საშუალებით გახდება შესაძლებელი.

,,რასაკვირველია პრივატიზაცია მისაღებია, რადგან სახელმწიფო საწარმოების უმეტესობა წამგებიანია, წლიდან წლამდე იზრდება მათი ზარალიანობა. ცხადია, ამ საწარმოებიდან ბევრია საავადმყოფო და სოციალური დანიშნულების ობიექტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე მაინცდამაინც მომგებიანია. ხშირად ხდება, როცა საწარმოს მენეჯმენტს არც აქვს მოგებაზე გასვლის მიზანი, რადგან იცის, რომ წაგებაზე ყოფნით პასუხს არ აგებს. თვითონ პასუხისმგებლობის საკითხიც მოუგვარებელია. ამის შესახებ არაერთი დასკვნაა გაკეთებული, მათ შორის, აუდიტის სამსახურის მხრიდანაც, მაგრამ ამ ფაქტებს რეაგირება არასდროს მოჰყოლია. კარგია, რომ მთავრობა ახლა ამ საკითხით განსაკუთრებით ინტერესდება, რაც ბიზნესისთვის ხელსაყრელია. როგორც წესი, კერძო სექტორითვის სახელმწიფო საწარმო კონკურენტია, რადგან ყოველთვის უპირატეს მდგომარეობაშია. ჩვენ თუ გვინდა კერძო სექტორის განვითარება, იგი სახელმწიფო ინტერვენციებისგან მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს. თუკი მაინც და მაინც აუცილებელია, რომ საწარმოების რაღაც ნაწილი სახელმწიფოს დაქვემდებარებაში დარჩეს, დეტალურად უნდა განიმარტოს, მისი მიზნობრიობა, რადგან პირდაპირ შედის ბიზნესთან კონკურენციაში  და ხშირად ბიზნესს ვერ აძლევს განვითარების საშუალებას. იმედია, რეფორმა ხელს შეუწყობს ამ საწარმოების მომგებიანობის და კონკურენტუნარიანობის ზრდას, რისთვისაც პრივატიზაცია საუკეთესო გამოსავალია", - აცხადებს მომცელიძე.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს მთავრობა დაიწყებს აქტიურ მსჯელობას სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების დაწყებაზე, რაც სამთავრობო პროგრამაშიც არის ჩადებული და რაც უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესია საქართველოს ეკონომიკური ცხოვრების, 2021-2024 წლების განმავლობაში.

მისი თქმით, არამომგებიანი სახელმწიფო საწარმოები დიდ ტვირთ წარმოადგენენ ბიუჯეტისთვის და საფრთხეს უქმნიან ეკონომიკურ სტაბილურობას ქვეყანაში, ამიტომ აუცილებელია ასეთ სტრუქტურებში მენეჯმენტის შეცვლა, რაც სწორედ საპარტნიორო ფონდით უნდა დაიწყოს.

სპეციალურად ამ მიზნით,  სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო სახელმწიფო საწარმოებმა დაახლოებით 130 მილიონ ლარამდე შემოსავალი დაკარგეს. ამის შესახებ ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტშია აღნიშნული, რომელიც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიას ახლავს თან.