გიორგი მუმლაძე თავისუფალია

სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი გიორგი მუმლაძე თავისუფალია. მან პენიტენციური დაწესებულება მას შემდეგ დატოვა, რაც აქტივისტებმა 3000-ლარიანი საპატიმრო გირაო გადაიხადეს.

პროკურატურა 5-ათას ლარიან გირაოს ითხოვდა, დაცვის მხარე კი თავდებით გათავისუფლებას.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თანხის შესაგროვებლად სოციალურ ქსელში კამპანია #მუმლიკასთვის დაიწყო.

შეგახსენებთ, პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე აქციაზე, გიორგი მუმლაძე 15 აპრილს დააკავეს.

შსს-ს ცნობით, მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, გიორგი მუმლაძის დაკავებაზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.

გიორგი მუმლაძეს ბრალი ოფიციალურად 15 აპრილს წაუყენეს.