გიორგი მუმლაძეს სასამართლომ გირაო შეუფარდა

"ქართული ოცნების" აქციაზე დაკავებულ გიორგი მუმლაძეს სასამართლომ 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

სამოქალაქო აქტივისტი პენიტენციურ დაწესებულებას დატოვებს, თუკი თანხის ნახევარს გადაიხდის.

თანხის შესაგროვებლად სოციალურ ქსელში კამპანია #მუმლიკასთვის დაიწყო.

შეგახსენებთ, პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე აქციაზე, გიორგი მუმლაძე 15 აპრილს დააკავეს. 

შსს-ს ცნობით, მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, გიორგი მუმლაძის დაკავებაზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.

გიორგი მუმლაძეს ბრალი ოფიციალურად 15 აპრილს წაუყენეს.