გიორგი რურუას საქმის განხილვა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.

რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, დაიკითხება ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც რურუას დაკავების პროცესში მონაწილეობდა.

,,დაიკითხება ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა გიორგი რურუასთვის იარაღის ჩადებაში. რურუა ციხეში ზის არარსებული ნივთის გამო, რომელიც მას თვალით არ უნახავს. შესაბამისად, ცხადია, ის იდევნება პოლიტიკური მოტივაციით", - აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, 18 მაისს საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. რურუას ადვოკატი, პატიმრობის გაუქმებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი რურუას ბრალდებას დაემატა ახალი მუხლი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.