პოლიციამ პოზნერი და მისი სტუმრები დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში მყოფი რუსეთის 32 მოქალაქე, მათ შორის ვლადიმერ პოზნერი, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე 32 მოქალაქე დააჯარიმეს. ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 ადამიანიდან 9-ს იზოლაციისა და კარანტინის წესი არ დაურღვევია. გვიან ღამითვე დაჯარიმდა სასტუმრო „ვინოტელი“. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ“, - აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის, ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დაგეგმილზე ადრე, ჩარტერული რეისით დატოვეს.

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.

თბილისში რუსი ჟურნალისტის ვიზიტს პროტესტი მოჰყვა.

"აჭარა ჯგუფმა", რომლის მფლობელობაში არსებულ სასტუმრო "რუმსშიც" პოზნერი და მისი სტუმრები დაბინავდნენ, განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი იზიარებენ პროტესტის სულისკვეთებას და გმობენ ოკუპაციას.

შსს-ში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია.

სასტუმრო, ვინოტელი, სადაც ვლადიმერ პოზნერმა და მისმა მეგობრებმა ივახშმეს, შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა სასტუმრო პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს.

სასტუმრო ,,რუმს ჰოტელს", სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები დაბინავდნენ, კვერცხები ესროლეს.