Pfizer-ის ორი დოზა ომიკრონით ჰოსპიტალიზაციისგან 70%-ით იცავს

უახლესი კვლევების თანახმად, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის ორი დოზა კორონავირუსის "ომიკრონ" შტამით ინფიცირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის რისკს 70%-ით ამცირებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

კვლევა სამხრეთ აფრიკის კერძო სადაზღვევო კომპანია Discovery Health-მა ჩაატარა. მეცნიერებმა კორონავირუსით ინფიცირებული 211,000 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს, რომლების 15 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით დაინფიცირდნენ. მათგან დაახლოებით 78,000 "ომიკრონ" შტამით იყო ინფიცირებული.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ Pfizer-BioNTech ვაქცინის ორი დოზა "ომიკრონით" ინფიცირების რისკს  33%-ით ამცირებს. 

რაც შეეხება ბუსტერულ დოზას, Report.ge წერდა, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის სამი დოზა კორონავირუსის ახალ შტამს "ომიკრონს" ანეიტრალებს. 

ბოლო კვლევების თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული აბი, რომელიც Pfizer-მა შექმნა, ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკს 89%-ით ამცირებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.