თბილისის აეროპორტში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში “კორონავირუსის” გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები უკვე დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს. 

უწყების ცნობით, ადგილზე მედიკოსები მგზავრებს, როგორც დისტანციური თერმომეტრებით, ისე პირადი გასაუბრებით ამოწმებენ. მათ ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია ვირუსის სიმპტომურ მახასიათებლებთან დაკავშირებით.

ვირუსის გავრცელების მხრივ, საქართველო დაბალი რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებს შორისაა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინტენსიურ კომუნიკაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან აწარმოებს და საქართველოში “კორონავირუსის” გავრცელების პრევენციისთვის საერთაშორისოდ დადგენილ ღონისძიებებს შესაბამის სამსახურებთან ერთად ახორციელებს.

ვირუსი, რომელიც ჩინეთის ქალაქ ვუჰანში აღმოაჩინეს, კორონავირუსების დიდ ოჯახს მიეკუთვნება და მწვავე რესპირატორულ სინდრომებს იწვევს. მსგავსი ვირუსის ეპიდემიამ მსოფლიოს მასშტაბით, 800-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა 2002/03 წლებში, რომელიც ასევე ჩინეთიდან გავრცელდა.

ვირუსი უკვე გასცდა ჩინეთის საზღვრებს. შემთხვევები დაფიქსირებულია ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, საფრანგეთში, აშშ-ში, ჰონგ-კონგში, ტაივანში, მაკაოში, ავსტრალიაში, საუდის არაბეთსა და სინგაპურში.

პეკინში დაკეტილია ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი, ასევე 16 ქალაქში 46 მილიონამდე ადამიანს გადაადგილება შეეზღუდა, ჩინური ახალი წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები კი გადაიდო. შანხაიში დაიკეტა კინოთეატრები.