"ოცნების" ოფისთან პირველი არხის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე დააკავეს

"ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა "კვირის ინტერვიუს"  წამყვანი ირაკლი აბსანძე დააკავეს.

ჟურნალისტი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. 

შსს-ს ცნობით, "ოცნების" ოფისთან დაპირისპირებისას პოლიციამ 12 პირი დააკავა.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა "ქართული ოცნების" ოფისთან, შსს-ში გამართული ბრიფინგის შემდეგ გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით შსს-ს ვერსია მიუღებელია.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.

შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისს, ძალადობის მსხვერპლი 55 ადამიანი გახდა, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია.

რადიკალური ჯგუფები, მედიის წარმომადგენლებს 6 ივლისსაც დაესხნენ თავს.

"ტვ პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას 5 ივლისის მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ის რამდენიმე დღის განმავლობაში "ნიუ ჰოსპიტალსში" მკურნალობდა.

11 ივლისს კი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

უკვე მეორე დღეა პარლამენტთან, 5-6 ივლისს, ქვეყანაში მომხდარ ძალადობრივ ფაქტებს აპროტესტებენ.