"იანვრიდან "ომიკრონი" ევროკავშირში დომინანტი შტამი გახდება" - ურსულა ფონ დერ ლაიენი

იანვრის შუა რიცხვებიდან კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" ევროკავშირში დომინანტური გახდება. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა,

მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირს ეყოფა ძალა და შესაძლებლობა, ვირუსი დაამარცხოს მაშინ, როდესაც ბლოკის მოსახლეობის 66% სრულად აცრილია.

"როგორც ბევრი თქვენგანი, მეც დამწუხრებული ვარ, რომ შობა პანდემიით კიდევ ერთხელ დაიჩრდილება”, -განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 თავდაპირველად აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.

კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" უკვე 77 ქვეყანაში დაფიქსირდა.