აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპი დაიწყო

მუნიციპალური განვითარების ფონდმა აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპის სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ report.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, აბასთუმნის თანამედროვე კურორტად ფორმირებისათვის 2020 წელს დასრულდა აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული XIX-XX საუკუნეებში აშენებული 18 ისტორიული სახლის, ევგენი ხარაძის სახელობის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის რეაბილიტაცია. ასევე, შემუშავდა დაბა აბასთუმნის გენგეგმა და დასრულდა დაბის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპისა და წყალარინების სისტემის სამშენებლო სამუშაოები.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი 77 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის, წყალმომარაგებისთვის სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპის, არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები.

აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპის სამუშაოები მოიცავს მდინარე ოცხეს კალაპოტის, ხიდების, ცენტრალური გზისა და საუბნო გზების რეაბილიტაციას. ასევე, დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების, ველო-ბილიკების, რეკრეაციული და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. 2022 წლის პირველ ნახევარში დაბა აბასთუმანი სრულად განახლებული, თანამედროვე კურორტი იქნება. აბასთუმნის ურბანული განახლების ორივე ეტაპის სამუშაოები „მსოფლიო ბანკის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, აბასთუმანი სულ მალე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბალნეოლოგიური კურორტი იქნება.

კურორტ აბასთუმნის 24 სთ-იანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამუშაოები მიმდინარეობს. 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საქართველოს მთავრობამ 15 მილიონ ლარამდე გამოყო.

დასრულდა ობსერვატორიის რეაბილიტაცია , რომელიც მალე კვლევითი დანიშნულების გარდა, ტურისტულ ფუნქციასაც შეიძენს. აღდგენილი დიდი ტელესკოპის შენობაში განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, საგამოფენო და სამუშაო სივრცე, ბიბლიოთეკა, განახლდა 1982 წელს აშენებული საბაგირო გზა, დასრულდა კურორტ აბასთუმნის გენგეგმა, რაც ამ რეგიონის ქაოტური განაშენიანებისგან დაცვის გარანტია, ფონდი „ქართუს“ მეშვეობით აშენდა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფილტვის ცენტრი და აღდგა აბასთუმნის ამბულატორია,

შეგახსენებთ, უნიკალური ბუნებრივ-კლიმატური და ისტორიული მნიშვნელობის კურორტ აბასთუმნის განვითარების პროექტზე საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის და ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია, მუშავდება აბასთუმნის ურბანული განახლების პროექტი და კურორტის ეკო სისტემის შენარჩუნების მიზნით, იგეგმება აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაც.

მთავრობის მეთაურის, გიორგი გახარიას, თქმით, 2012 წლის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტულ პროექტებში სულ ინვესტირებულია დაახლოებით 512 მილიონი ლარი.