რიყის დოქები, სამჯერ მცდელობის მიუხედავად, არ გაიყიდა. ბოლო აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. რიყის პარქში განთავსებული სახელმწიფო ქონება პროექტ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყიდებოდა. მის გაყიდვას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ერთ წელზე მეტია ცდილობს. ჯერ კიდევ 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ შედგა.აუქციონის პირობების მიხედვით „რიყის დოქების“ მყიდველ ინვესტორს მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობა და ფუნქციონირებისთვის არანაკლებ 10 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელებინა.
კიდევ უფრო მანამდე ობიექტს თბილისის მერია 1 ლარად ჰყიდდა და არ გაიყიდა. კალაძემ ინვესტორების დაბალი ინტერესი იმით ახსნა, რომ ობიექტზე დაახლოებით 20 მილიონის სამუშაოებია ჩასატარებელი, რომ მთლიანად მოწესრიგდეს, რემონტი ჩატარდეს და რამე კონკრეტული ფუნქცია მიენიჭოს. კალაძე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ აცხადებდა მზაობას, რომ, თუ პრივატიზება ვერ მოხდებოდა, თანხები ობიექტის მოსაწესრიგებლად, შესაძლოა მერიას გამოენახა.
ცნობისთვის, უფრო ადრე, "რიყის დოქებში" გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს ღვინის მუზეუმის განთავსების იდეა ჰქონდა.