უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებმა ფიცი დადეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფიცი დადეს. 

ვინაიდან დამტკიცებული 14 მოსამართლიდან 9 უკვე მოქმედი მოსამართლეა, ფიცი მხოლოდ ხუთმა მათგანმა დადო.

საქართველოს კონსტიტუციაზე ფიცი დადეს ლალი ფაფიაშვილმა, შალვა თადუმაძემ, მამუკა ვასაძემ, ქეთევან ცინცაძემ და ალექსანდრე წულაძემ.

"ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, ყოველივეს ვიღონებ, რათა ღირსვმსახურებდე სიმართლესა და სამართლიანობას, ერთგულად ვიცავდე ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს, განვსჯიდე უანგაროდ, ცოდნითა და რწმენით, ვიყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. პირნათლად ვასრულებდე მოსამართლის მაღალ დანიშნულებას,"- ფიცი დადეს მოსამართლეებმა.

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 19 კანდიდატდან 14 მოსამართლე დაამტკიცა.

უვადო მოსამართლეებს შორის არიან მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე. ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე. 

პრლამენტმა ჩააგდო თამარ ალანიას, გოჩა ჯეირანაშვილის, ლაშა ქოჩიაშვილის, შოთა გეწაძისა და პაატა სილაგაძის კანდიდატურები.

კენჭისყრას საკუთარი სურვილით გამოეთიშა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე.

ანალოგიურად დასრულდა დღეს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.

შალვა თადუმაძის უვადო მოსამართლედ არჩევის გამო გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური ხდება.