ნორვეგია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდა

ნორვეგია შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რომლებიც ევროკავშირმა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით დააწესა.

"ნორვეგია ევროკავშირის გადაწყვეტილებას უერთდება და ევროკავშირის სანქციების იდენტურ ზომებს მიიღებს", - აღნიშნულია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად არ ეკონომიკური ზომები იქნება გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ.

ევროკავშირმა რუსეთის თანამდებობის პირებს ახალი სანქციები 2 მარტს დაუწესა

კერძოდ, რუსეთის გენერალურ პროკურორ იგორ კრასნოვს, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელ ალექსანდრ ბასტრიკინს, ეროვნული გვარდიის უფროს ვიქტორ ზოლოტოვს და ფედერალური პენიტენციური სერვისების დირექტორ ალექსანდრ კალაშნიკოვს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ეკრძალებათ.

2014 წლის ბოლოს რუსეთის სასამართლომ ძმები ალექსეი და ოლეგ ნავალნები "ივ როშეს საქმეზე“ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. ოლეგ ნავალნის 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ალექსეი ნავალნის კი - პირობითი სასჯელი. 

მიმდინარე წლის აგვისტოში, მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანიაში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული და ფაქტი კრემლის მხრიდან ოპოზიციონერის მკვლელობის მცდელობად შეფასდა. რუსეთის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ იციდენტთან კავშირი არა აქვს.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რადგან, უწყების განცხადებით გერმანიის კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ნავალნიმ რუსეთის ინსპექციაში არ გამოცხადდა.

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს, ღამით "შერემეტიევოს" აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე, პირობითი სასჯელის დარღვევის მიზეზით დააკავეს.

2 თებერვალს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალა. 

მოსკოვის სააპელაციო სასამართლომ რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლა კანონიერად ცნო.

ნავალნი ციხეში 2 წელს, 6 თვესა და 2 კვირას გაატარებს. იგი 2023 წლის ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში გათავისუფლდება.

დასავლეთი ნავალნის დაკავებას გმობს და მის გათავისუფლებას ითხოვს.