ნათია თურნავა: ანაკლიის კონსორციუმს ვეღარ ვენდობით

"გამორიცხულია პროექტის განხორციელებას „ანაკლიის კონსორციუმი“ დაუბრუნდეს," - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„კონსორციუმს ჰქონდა მრავალი წლის მანძილზე ძალიან კარგი შანსი და ჩვენი მხარდაჭერა, იმისთვის, რომ დადგენილ ვადებში, და ეს ვადები შვიდჯერ გადავუწიეთ, ეს პროექტი დაეწყო და დაესრულებინა. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ მერვედ ვენდოთ კონსორციუმს. ეს საკითხი დახურულია“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ანაკლიის პორტი საქართველოს მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტად რჩება.

შეგახსენებთ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გამოთქვა მზადყოფნა მთავრობასთან თანამშრომლობით დამატებითი ინვესტიციები მოიზიდოს და სამუშაოები გააგრძელოს.

„Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის პირობებში, როდესაც საქართველოს მთელი მოსახლეობის ყურადღება ქვეყნის ეკონომიკის აღდგენისკენ არის მიპყრობილი, პირველ რიგში, იკვეთება ეკონომიკის გაძლიერების ორი ძირითადი ფაქტორი - უცხოური ინვესტიციები და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. საქართველოს ეკონომიკის აღდგენის დასაწყებად ერთ-ერთი საუკეთესო მამოძრავებელი სტიმული იქნება ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტისა და მისი მიმდებარე სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარება, რაც გახდება ათასობით სამუშაო ადგილისა და ახალი, ძლიერი, ინოვაციური ქალაქის განვითარების გაგრძელების კატალიზატორი,”- ნათქვამია „ანაკლიის კონსორციუმის“ განცხადებაში.

ოპოზიცია ხელისუფლებას ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გაჭიანურებასა და ხელოვნურ დაპაუზებაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, 9 იანვარს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულებას შეუწყვიტა და პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორის ძებნა დაიწყო.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.