როგორ იმოქმედებს ლარზე მონეტარული პოლიტიკის შერბილება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილება ლარის კურსზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს. 

„მე ვფიქრობ, რომ არ მოახდენს ლარის კურსზე ეს შერბილება უარყოფით გავლენას. დღევანდელ სიტუაციაში ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს, სამი შოკის ქვეშ იმყოფება საქართველო დღევანდელ დღეს და რა თქმა უნდა, რთულია გავთვალოთ, როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი ერთმანეთთან, მაგრამ ჩვენ როცა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტზე ვლაპარაკობთ და ვმსჯელობთ, ჩვენთვის მთავარი ამ შემთხვევაში არის ინფლაცია. ის რასაც დღეს ვხედავთ, არის რომ წინა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შეხვედრაზე ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, როცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ შეცვლილიყო საპროცენტო განაკვეთი, რომ იყო ფაქტორები, რომელსაც შეეძლო ორივე მხარეს ემოქმედა ინფლაციაზე. ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით შეეძლო ემოქმედა ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურებას, ხოლო შემცირებაზე მოთხოვნის შემცირებას. თვენახევარი გავიდა მას მერე და ჩვენ რასაც ვხედავთ დღეს არის ის, რომ ამ პერიოდში ჩვენ ეკონომიკურმა გუნდმა უკვე დავამთავრეთ მოლაპარაკება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და გვაქვს საკმაოდ დიდი პაკეტი, რომელიც დაეხმარება ეკონომიკას, რომ სხვადასხვა სირთულეებს გაუმკლავდეს. ამავე დროს ვხედავთ, რომ მოთხოვნა არის შემცირებული, აქედან გამომდინარე, ჩვენ გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ვაკეთებთ არა იმის მიხედვით, თუ რამდენია დღეს ინფლაცია, არამედ იმაზე დაყრდნობით, თუ რას ვპროგნოზირებთ მომავალში საშუალოვადიან პერიოდში და საშუალო ვადიან პერიოდში ინფლაცია იქნება მაღალი და სხვანაირად შეუძლებელია, რომ იყოს, მაგრამ შემდეგ მოთხოვნის შემცირების შესაბამისად დაიწყებს შემცირებას და დაუახლოვდება მიზნობრივ დონეს,“- განაცხად აკობა გვენეტაძემ. და დასძინა, რომ კურსის ცვლილების რისკი შემცირებულია.

ჩვენ უფრო აქტიურად ვართ ბაზარზე, ახალი მექანიზმიც ავამოქმედეთ ამ განსაკუთრებული პერიოდის განმავლობაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გვაქვს მცურავი კურსის გაცვლითი რეჟიმი, ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელიც ყველაზე კარგი ბერკეტია იმისთვის, რომ ასეთ დიდ შოკებს გავუმკლავდეთ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, ქვეყნის პირველი ბანკირი დარწმუნებულია, რომ პანდემიის გადავლის შემდეგ ბანკები მომგებიანობას მალევე აღიდგენენ.

შეგახსენებთ, კობა გვენეტაძე ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნის შემცირებას არ ემხრობა. ამჟამად, კომერციული ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნა 25%-ს შეადგენს.

გვენეტაძის შეფასებით, რეფინანსირების განაკვეთის სწრაფი ზრდა ეკონომიკას ამუხრუჭებს.

კობა გვენეტაძის პროგნოზით, წელს ინფლაცია მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება და მიზნობრივ მაჩვენებელს ის მხოლოდ 2021 წლის პირველ ნახევარში დაუბრუნდება.

სებ-ი წელს, მთავრობისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსგავსად, საქართველოში ეკონომიკის 4%-იან ვარდნას ელოდება.

ცნობისთვის, დღეს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 8.5%-მდე შეამცირა.