ალექსანდრე გოგინავა: ბრძოლა მოვიგეთ, ომი ჯერ არ დასრულებულა

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მოსახლეობას მოუწოდებს სპეციალისტების რეკომენდაციები გაითვალისწინოს და არ მოდუნდეს. გოგინავას განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რეკომენდაციები რჩება იგივე.

მისი თქმით, საქართველომ კორონავირუსთან მნიშვნველოვანი ბრძოლა მოიგო, თუმცა ომი ჯერ არ დასრულებულა. 

„კორონავირუსული ინფექცია არსად წასულა, ის ჩვენ გვერდით არის. გავითვალისწინოთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები, როგორიცაა პირბადეების გამოყენება დახურულ სივრცეში, ჰიგიენური ნორმების დაცვა და სოციალური დისტანცირება. მართალია, კორონავირუსულ ინფექციასთან საკმაოდ მნიშვნელოვანი ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ მთავარი ომი ჯერ არ დასრულებულა და საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს. პანიკის საფუძველი რა თქმა უნდა არ გვაქვს, თუ არ გაჩნდება ახალი კლასტერები და დაუდგენელი პაციენტები. დიდი იმედია, ასე არ მოხდება. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს, ნელნელა კვლავ წავა კლება“, - ამბობს გოგინავა.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რეგისტრირებული რაოდენობა 783-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 5 ადამიანი და ამჟამად, კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოენობა 605-ს შეადგენს.

Covid-19-ის შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილია 12 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2494 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 301. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.