გამყრელიძე: ქვეყანაში ორი ცხელი წერტილია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ორი ცხელი წერტილი გაჩნდა. 

მისი თქმით, ორი ცხელი წერტილიდან, ერთი გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ხოლო მეორე ბაზრობებია, სადაც ინფექციის მომატების რისკი არსებობს.

„სერიოზული გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს ლილოს ბაზრობაზე, რამეთუ ლილოს ბაზრობაზე გადაიკვეთა მთელი რიგი შემთხვევები, როგორც გარდაბნის ისე სხვა კლასტერების. ამიტომ, იქ უკვე, სამი დღეა დავიწყეთ ინტენსიური ტესტირება, ლილოს ბაზრობაზე მომუშავე 1415 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება. დღეს იქნება 500 ნიმუშზე პასუხი. ბაზრობები და გარდაბნის მუნიციპალიტეტი გახდა უფრო მეტად ყურადღებამისაქცევი ადგილები ქვეყანაში, სადაც მიმდინარეობს გაფართოებული ტესტირებები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში კოვიდინფექცია ცირკულირებს და საზოგადოებას დამშვიდების საფუძველი არ აქვს.

„არც იმის საფუძველი გვაქვს, რომ განგაში ან პანიკა გამოვაცხადოთ. ის ციფრები, რაც გვაქვს, მართვადია, მაგრამ მეტი ყურადღება გვმართებს. ის ოდნავ მოშვება, რაც საზოგადოებაში იგრძნობა, დაუშვებელია. რომ ჩვენ არ ვატაროთ პირბადე, არ დავიცვათ დისტანცია, არ დავიმუშაოთ ხელები და თავი არ ავარიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, დღეს გახდა ცნობილი, რომ ოვიდტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდება.

შეგახსენებთ, ახალი კოვიდინფექციის 6 შემთხვევიდან,ერთი აჭარაშია აღმოჩენილი.

ზუგდიდსა და ქუთაისში ბოლო 24 საათში კორონავირუსი არ გამოვლენილა.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1137 გახდა. COVID-19 კიდევ 2-მა პაციენტმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 922-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6 439 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –326.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.