ელექტროენერგიის ფასები ზაფხულზე კიდევ დაკორექტირდება

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების შემდეგ ელექტროენერგიის ფასები მნიშვნელოვნად არა, თუმცა მცირედით შეიცვლება. ასე ფიქრობს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი ირინა მილორავა. მისივე განმრტებით, მას შემდეგ, რაც ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება, ელექტროენერგიის ტარიფი, დიდი ალბათობით, ოდნავ შემცირდება. 

ენერგეტიკული ბირჟა ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმში მუშაობს და ეს 2021 წლის 1-ელ ივლისამდე გაგრძელდება. მანამდე კი კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა კარგად აითვისონ პლატფორმაზე მუშაობის ტექნიკა, იქნება ეს განცხადებების განთავსება თუ სხვა დეტალები. იმის გამო, რომ ბირჟა სატესტო რეჟიმში მუშაობს მონაწილე კომპანიებს სიმულაციურ ვაჭრობაში უწევთ მუშაობა.

ენერგეტიკულ ბირჟაზე ჯამში 4 სატესტო ვაჭრობა შედგა. ბოლო, მეოთხე, სიმულაციური ვაჭრობის სცენარში მონაწილეობა დაახლოებით 40-მდე კომპანიამ მიიღო.

ამჟამად, სატესტო მუშაობისას, ფასი ყალიბდება ყოველთვიურად, ბირჟის ამოქმედების შემთხვევაში კი დადგინდება ყოველდღიური ფასი, რაც არის კიდევ ერთი დამატებითი საინტერესო სიგნალი ორივე მხარისთვის - გენერაციის ობიექტისთვისაც და მომხმარებლისთვისაც. 

"როდესაც ფასი ყალიბდება საათობრივ ჭრილში და სეზონური ფასის ჩამოყალიბება ხდება, ეს გენერაციის ობიექტს სწორ საბაზისო სიგნალს აძლევს, მან იცის რომ სეგმენტშია მაღალი ფასი და ყოველთვის შეეცდება ისეთი გენერაციის ობიექტი ააშენოს, რომელიც დაფარავს ამ მაღალფასიან სეგმენტს. აღსანიშნავია, რომ ეს მომხმარებლისთვისაც გარკვეული სტიმულია ეს, რადგან მან იცის დროის რომელ მონაკვეთში უნდა ცადოს მოხმარების შემცირება," - განმარტავს ირინა მილორავა და დასძენს, რომ კერძო სექტორის მხრიდან პლატფორმით დაინტერესება მაღალია და კომპანიები, რომლებიც სატესტო რეჟიმის ფარგლებში ბირჟაზე ვაჭრობენ, ბაზრის დაახლოებით 90%-ს ფარავენ. ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობას შეძლებენ როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური პირებიც.

ენერგეტიკოსის შეფასებით, საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის დაფუძნება ამ დარგში ინვესტიციებზეც დადებითად აისახება.

"ენერგეტიკული ბირჟა ძალიან კარგი, თანამედროვე მექანიზმია, რის განაცდიდ სარგებელს უნდა ველოდოთ. პგი ხელს უწყობს, რომ გარემო უფრო კონკურენტული გახდეს და ხარისხის სტანდარტი გაუმჯობესდეს. ცხადია, ფასზეც დადებით გავლენას მოახდენს, რადგან გაცილებით ცივილიზებული ფორმით გახდება შესაძლებელი ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა. ენერგეტიკული ბირჟის შექმნა ამ მხრივ საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი სიახლე. ენერგეტიკული პროცესები გახდება უფრო გამჭვირვალე, რაც სავარაუდოდ, ინვესტიციებზეც მოახდენს გავლენას", - ამბობს ექსპერტი ენერგეტიკაში გია არაბიძე.

მთავრობა დარწმუნებულია, რომ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვას.

კომპანიებს ენერგეტიკულ ბირჟაის სავაჭრო პლატფორმაზე სატესტო რეჟიმში დარეგისტრირების შესაძლებლობა 15 სექტემბრიდან აქვთ. ბირჟაზე ლიცენზია სემეკმა მაისში გასცა. ლიცენზიამ ენერგეტიკულ ბირჟას გარკვეული ვალდებულებები დააკისრა. პირველი და მთავარი ვალდებულება ბაზრის წესების წარდგენა იყო, რაც წარმეტებით განხორციელდა. აგვისტოდან ბირჟას უკვე აქვს დღით ადრე და დღიური ბაზრის წესები. დღით ადრე ბაზრის წესების თანახმად, მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, რომ მაგალითად, დღეს დღის 12 საათამდე გააკეთონ განაცხადი ხვალინდელი დღის თითოეულ საათთან ვაჭრობასთან დაკავშირებით. მთავარი სიახლე სწორედ საათობრივი ვაჭრობაა, შესაბამისად, მომავალ ბაზრებზე ფასი ჩამოყალიბდება საათობრივად. ამჯამად კი ენერგობაზარზე ყოვეთვიური ანგარიშსწორების წესი მოქმედებს და ფასი თვიურ ჭრილში დგინდება.

როგორც ცნობილია, მთავრობა წელს ელექტროენერგიის მოხმარების 3%-იან ზრდას ვარაუდობს. მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ საქართველოს განახლებადი ენერგიის ზრდაში გერმანია დაეხმარება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ, რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას განმარტა, რომ ენერგეტიკის რეფორმის მთავარი ამოცანაა მეტი კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა.

რას გეგმავს მთავრობა ენერგეტიკის რეფორმით, რა გაკეთდა და რა იგეგმება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის ზრდისთვის, რამდენად სწორია ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია, როგორ უახლოვდება ქართული ენერგობაზარი ევროპულს და სხვა მნიშვნელოვანი დეტალი საქართველოს ენერგეტიკის შესახებ, გაიგეთ report.ge-ს ეკონომიკურ ანალიტიკაში.