მოლაპარაკებების მაგიდაზე წინადადებებს ხვალ დავდებ - დანიელსონი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ის მოლაპარაკებების მაგიდაზე თავის წინადადებებს ხვალ დადებს.

დანიელსონმა პოლიტიკური პარტიების ლიდერების მხრიდან კომპრომისის მნიშვნელობაზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა.

,,დღეს რამდენიმე შეხვედრა გავმართე პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, რათა ხვალ ყველა პარტიას შევხვდე. ჩემი დღევანდელი მიზანი ამ მედიაციის ყველაზე რთული პუნქტების შესასრულებლად საჭირო გზების მოძიება იყო. ეს რთული პროცესია. დემოკრატია საჭიროებს მხედველობაში სხვა მხარეების ინტერესებიც იყოს მიღებული. როგორც ამას ყოველთვის ვამბობ, ეს ყველა მხრიდან დათმობას ნიშნავს. რაც შეეხება პროცესს, პარტიების ლიდერებს ვუთხარი, რომ მაგიდაზე წინადადებებს ხვალ დავდებ. მიზანი არის, რომ მდგრადი ჩარჩო იყოს გაკეთებული მომავლისთვის. ეს არის ნდობის აღდგენის გზა. თუ მიღწეული იქნება შეთანხმება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები. პირველ რიგში ერთი მთავარი გამარჯვებული - ქართველი ხალხი“, - განაცხადა დანიელსონმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიაციის მიზნით უკვე მეორედ ჩამოვიდა.

მეორე ვიზიტის ფარგლებში შვედმა დიპლომატმა შეხვედრები უკვე გამართა ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

დანიელსონი შეხვდა პოლიტიკური პარტიის ლიდერებსაც.

შეგახსენებთ, დანიელსონის პირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა.

ერთი კვირის განმავლობაში, ევროპელმა დიპლომატმა არაერთი შეხვედრა გამართა, როგორც ოპოზიციის ისე ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.

ქვეყნის დატოვებამდე დანიელსონმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის 9-საათიანი შეხვედრა გამართა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

22 მარტს კი შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება. როგორც შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა: ,,კომპრომისების დროა".

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, დანიელსონი ჩამოდის, რათა დაინახოს, არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ მხარეებს შორის საერთო ნიადაგი მოიძებნოს.