სამართალდამცველებმა დმანისში სათანადოდ იმოქმედეს - კობახიძე

ის, რომ ძალიან რთული პრობლემის და ვითარების დეესკალაცია მოხერხდა ერთი დღის განმავლობაში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამართალდამცველებმა იმოქმედეს სათანადოდ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიზემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ვითარება რთული იყო, თუმცა პოლიციამ სათანადო მოქმედებით პრობლემის მოგვარება ერთ დღეში შეძლო. 

"რთული იყო სიტუაცია, ყოფით ნიადაგზე დაიწყო ეს ყველაფერი და ძალიან გართულდა უცბად ვითარება და არ იყო მარტივი ამ ვითარების დეესკალაცია, თუმცა ერთი დღის განმავლობაში ეს მოხერხდა, რაც რა თქმა, უნდა იყო სამართალდამცავი სტრუქტურების სათანადო მოქმედების დამსახურება. რთული იყო, უამრავი ადამიანი იყო ამაში ჩართული სხვადასხვა მხარეს, აქედან გამომდინარე სირთულე იყო სერიოზული, თუმცა მიუხედავად ამისა დღის ბოლომდე მოგვარდა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, დმანისში ახალგაზრდების ორ ჯუფს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. ხელჩართული ბრძოლის მიზეზი მაღაზიაში ე.წ. ნისიაზე უარის თქმა გახდა. თავდამსხმელები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები. დაპირისპირებული მხარეების ყველა წევრი პოლიციაში გუშინ დაკითხეს, გამოკითხვები დღესაც გრძელდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ყველა პასუხისგებაში მიეცემა, ვინც დანაშაული ჩაიდინა.

დმანისში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დღესაც მოხდა, რის შემდეგაცსპეციალური განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. შსს-მ დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა, დამორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეენარჩუნებინათ სიმშვიდე.

დმანისში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეც. სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ კონფლიქტის მიზეზი ყოფითი საკითხი გახდა და არანაირ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებას ადგილი არ აქვს.

მომხდარს გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეც. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, კონფლიქტი ბანალურ, ყოფით ნიადაგზე დაიწყო და მისი ეთნიკური ნიშნით შემოსვა დაუშვებელია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა კი განაცხადა, რომ არ არსებობს კონფლიქტი, რომელიც შეთანხმებით ვერ დასრულდება. მან მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

კონფლიქტის ეთნიკურ ნიადაგზე წარმოჩენა მიუღებელია ეკონომიკის მინისტრისთვისაც, ნათია თურნავას თქმით, დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო.