თავში

კონფლიქტის ყველა მონაწილის მიმართ კანონი მკაცრად უნდა მოქმედებდეს - ირაკლი ქადაგიშვილი

კონფლიქტის ყველა მონაწილის მიმართ კანონი მკაცრად უნდა მოქმედებდეს
კონფლიქტის ყველა მონაწილის მიმართ კანონი მკაცრად უნდა მოქმედებდეს - ირაკლი ქადაგიშვილი

დასაგმობია ვითარება, რაც გუშინდელი დღიდან დმანისში სპონტანურად განვითარდა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა. 

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ხელისუფლება უმაღლეს დონეზე უნდა ჩაერთოს იმისთვის, რომ იქ სიტუაცია სასწრაფოდ განიმუხტოს.

"ასეთ დროს მნიშვნელოვანია, კონფლიქტის წარმოშობის პირველივე კერა იყოს სამართლებრივად შეფასებული და დროული რეაგირება გაკეთებული. მთავრობა სრულად დაინტერესებულია, რომ ეს კონფლიქტი აღმოიფხვრას. ყოფითი კონფლიქტი გუშინ ბანალური მიზეზის გამო დაიწყო და მისი ეროვნული და ეთნიკური ნიშნით შემოსვა მიუღებელია ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ასევე რეგიონში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. თუ ვინმე უნდა იყოს დაინტერესებული კონფლიქტის გაღვივებით, ეს არის ცალსახა მტრობა ქვეყნის მიმართ. წინასწარ ვერ ვიტყვი, პროვოცირებული იყო თუ სპონტანურად, მაგრამ როგორც ჩანს, სპონტანური იყო", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, დმანისში ახალგაზრდების ორ ჯუფს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. ხელჩართული ბრძოლის მიზეზი მაღაზიაში ე.წ. ნისიაზე უარის თქმა გახდა.

თავდამსხმელები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები. დაპირისპირებული მხარეების ყველა წევრი პოლიციაში გუშინ დაკითხეს, გამოკითხვები დღესაც გრძელდება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის  განცხადებით, ყველა პასუხისგებაში მიეცემა, ვინც დანაშაული ჩაიდინა.

დმანისში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. შსს დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე.

დმანისში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეც. სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ კონფლიქტის მიზეზი ყოფითი საკითხი გახდა და არანაირ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებას ადგილი არ აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system