თავში

სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა - საგარეო

სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა
სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა - საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, კარენ დონფრიდთან სატელეფონო საუბარი გაიმართა.

უწყების ცნობით, საუბრისას მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები და ინფორმაცია რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით, აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი დიალოგის, ასევე, ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთო-ს ფარგლებში კვირის განმავლობაში გამართული შეხვედრებთან დაკავშირებით.

"საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს მიმდინარე პროცესების ფონზე საქართველოსთან აქტიური კომუნიკაციისა და კოორდინაციისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს და ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. დავით ზალკალიანმა მადლიერება გამოხატა აშშ-ის მიერ გაჟღერებული გზავნილებისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდასაჭერად რუსეთის აგრესიული რიტორიკისა და ქმედებების ფონზე.

საუბრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და აირჩიოს უსაფრთხოების ალიანსები. აშშ-ს სახელწმიფო მდივნის თანაშემწემ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორები განაგრძობენ საქართველოსთან მჭიდრო კოორდინაციას საქართველოს საკითხის განხილვის დროს და საქართველოს შესახებ მოლაპარაკება არ მოხდება საქართველოს გარეშე.

ასევე აღინიშნა, რომ ევროპაში გავლენის ექსკლუზიური სფეროების ლეგიტიმაციისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხების მიზნით რუსეთის ფედერაციის მცდელობები მიუღებელია. ასევე, ხაზი გაესვა რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც განაგრძობენ კონსულტაციებს. აშშ-ის მიერ ნატო-ს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კონსულტაციების ფარგლებში, 5 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვენდი შერმანს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system