,,ამ წუთებში გვაცნობეს, რომ დგება დიალიზის საჭიროება"

ანიტა ფაცაციას დიალიზის აპარატს დაუდგამენ , -  ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ანიტა ფაცაციას ოჯახის ახლობელი მარიკა ხუციშვილი ავრცელებს.

,,საღამო მშვიდობისა ანიტელებო!

შევეცდებით, სრული ინფორმაცია მოგაწოდოთ:

როგორც იცით გასულ ღამეს დადგა ეკმოს აპარატის ჩანერგვის სასწრაფო საჭიროება.
რადგანაც პირველი აპარატი ანიტას ორგანიზმმა არ შეითვისა, გამთენიისას გადაწყდა სხვა სახის აპარატის ჩადგმა.

ოპერაცია 4-5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შედეგად ბავშვს ამოეტუმბა ფილტვებში ჩამდგარი სითხე, სისხლი, მოისპო ინფექციის კერა და ჩაინერგა აპარატი, რომელიც გულს ორი თვის განმავლობაში ხელოვნურად ამუშავებს.

ამ ეტაპზე ანიტა ხელოვნური ძილის მდგომარეობაშია. სულ ახლახანს ჩატარებული კვლევების მიხედვით, მას სისხლში ამოეთესა ერთი-ერთი სოკოს და ინფექციის სახეობა.

ამ წუთებში გვაცნობეს, რომ დგება დიალიზის ჩატარების საჭიროება.

როგორც ექიმები ვარაუდობენ შემდეგი 24 საათი იქნება კრიტიკული, თუმცა ამის შემდეგ გულის აპარატი დაიწყებს მუშაობას, რაც სხვა ორგანოებსაც დაეხმარება.

ყველა სახის ახალი ინფორმაცია დაიპოსტება ჯგუფში.

თქვენი ერთიანობის იმედი გვაქვს", - წერს მარიკა ხუციშვილი ჯგუფში ,,ანიტასთვის".

2 წლის ანიტას ფაცაციას დილით კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდა, რადგან ,,ეკმოს" აპარატი, რომელიც გუშინ ჩაუდგეს,ორგანიზმმა ვერ მიიღო.

ანიტას მდგომარეობა ორი დღის წინ დამძიმდა. მას პნევმონია განუვითარდა. პაციენტი რენიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, 2 წლის ანიტა სამკურნალოდ ავსტრიიდან ინდოეთში ჩაფრინდა. პაციენტი ქვეყანაში სპეციალური რეანო-თვითმფრინავით ჩაიყვანეს. ანიტა ქალაქ ჩენაის კლინიკაში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს.

ანიტას თვითმფრინავის გადაადგილებას ინტერნეტში ასეულობით გულშემატკივარი ადევნებდა თვალს.

2 წლის ანიტა ფაცაცია, დილატაციურ კარდიომიოპათიას ებრძვის. მას გულის გადანერგვა ესაჭიროება, რაც სხვადასხვა პრობლემასთან არის დაკავშირებული.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ანიტა სამკურნალოდ ავსტრიაში იმყოფებოდა, თუმცა გულის გადანერგივს ოპერაცია ადგილზე ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანა გახდა აუცილებელი. ოპერაციაზე თანხმობა მხოლოდ ინდოეთმა განაცხადა, თუმცა ოჯახი ამ დრომდე ელოდება დონორის გამოჩენას.

პროცესში ჩართულია საქართველოს ელჩი ინდოეთში, არჩილ ძულიაშვილი. 17 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩების კონფერენციაზე თქვა, რომ 2 წლის ანიტა ფაცაციას მიღებაზე ინდოეთში მდებარე კლინიკამ თანხმობა განაცხადა. მინისტრმა საქართველოს ელჩს ინდოეთში ტრიბუნიდან საჯაროდ მოუწოდა, არ დარჩენილიყო აღნიშნულ კონფერენციაზე და დაუყონებლივ გამგზავრებულიყო ინდოეთში, რათა 2 წლის პაციენტის საკითხი პირად კონტროლზე აეყვანა.

ანიტას მკურნალობას ინდოელი ბიზნესმენი აფინანსებს.