თავში

2 წლის ანიტას მკურნალობას ინდოელი ბიზნესმენი დააფინანსებს - PHOTO

2 წლის ანიტას მკურნალობას ინდოელი ბიზნესმენი დააფინანსებს
2 წლის ანიტას მკურნალობას ინდოელი ბიზნესმენი დააფინანსებს - PHOTO

2 წლის ანიტას მკურნალობის ხარჯებს ინდოელი ბიზნესმენი გაიღებს. ამის შესახებ ანიტას დედა, მარიკო სადრაძე სოციალურ ქსელში წერს. 

"შობას სასწაულები ხდებაო ბევრმა დაწერეთ და სასწაული ამბავი უნდა გითხრათ. ცოტა შორიდან დავიწყებ: ინდოეთში ჩამოსულებს აეროპორტშივე დაგვხვდა საქართველოს ელჩი ინდოეთში, ბატონი არჩილ ძულიაშვილი. იმ წუთიდან ყოველთვის ვგრძნობდით მის თავდაუზოგავ დახმარებასა და მორალურ მხარდაჭერას. ბატონი არჩილის ინდოელი მეგობრებიც ყოველდღიურად გვედგნენ გვერდში. მოდიოდნენ ანიტას სანახავად და გამოთქვამდნენ მზაობას მხარდასაჭერად. მათ შორის ერთ-ერთმა Dr. S. Jagathrakshakan-მა გამოხატა არა მხოლოდ მორალური, არამედ ფინანსური მხარდაჭერის სურვილიც. Dr. S Jagathrakshakan არის ცნობილი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, ქველმოქმედი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა ანიტას ამბავი.

დღეს საღამოს გვესტუმრნენ Dr. S Jagathrakshakan-ის კომპანიის წარმომადგენლები, მოინახულეს ანიტა და დაგვპირდნენ, რომ მკურნალობის ხარჯების დაფარვაში დაგვეხმარებოდნენ. ეს იმდენად დიდი სასწაული იყო ჩვენთვის, რომ დაბნეულობისგან მადლობის თქმაც კი ძლივს მოვახერხეთ" - წერს პაციენტის დედა.

მისივე ინფორმაციით, ინდოელმა ექიმებმა გადაწყვიტეს ამ ეტაპზე თერაპიული კურსი სცადონ და ოპერაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგეგმონ, თუ თერაპია არ გაამართლებს. მკურნალობის ღირებულების განსაზღვრა და კალკულაციის გაკეთება კი კლინიკას წინასწარ არ შეუძლია, რადგან უცნობია, რამდენ ხანს გასტანს მკურნალობა და რა სახის კვლევები და პრეპარატები იქნება საჭირო ამ პროცესში. 

"ამის გამო საგონებელში ჩავვარდით, გვიჭირდა ხალხისთვის გვეთხოვა გაურკვეველი ოდენობის თანხების შეგროვება. თანაც ვიცით რამდენი გაიღეთ ჩვენ გამო. იმასაც კარგად ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ მსგავსად უამრავ მშობელს უჭირს. ასეთი დიდი პრობლემიდან გამოსავალი კი ბატონი არჩილის მონდომებისა და Dr. S Jagathrakshakan-ის კეთილშობილების შედეგად გამოვნახეთ. ახლა სიტუაცია ასეთია: თქვენი უდიდესი თანადგომის შედეგად გვაქვს შეგროვებული ოპერაციის თანხა. უფლის წყალობით, თუკი თავიდან ავირიდებთ ქირურგიულ ჩარევას, ეს ფული მოხმარდება სხვა ბავშვებს, რომლებსაც იმ მომენტში ექნებათ ამის დიდი საჭიროება" - აღნიშნავს მარიკო სადრაძე. 

ცნობისთვის, გარდა იმისა, რომ Dr. S Jagathrakshakan ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიზნესმენი და ქველმოქმედია, ასევე სხვადასხვა წლებში იყო ინდოეთის პარლამენტის წევრი. მას აგრეთვე მრეწველობის მინისტრიც თანამდებობაც ეკავა.

მისი მეუღლე J. Anusuya ხელმძღვანელობს სასწავლებელს, რომელიც ახალგაზრდებს განათლების მიღებაში ეხმარება. 

შეგახსენებთ, 2 წლის ანიტა სამკურნალოდ ავსტრიიდან ინდოეთში ჩაფრინდა. პაციენტი ქვეყანაში სპეციალური რეანო-თვითმფრინავით ჩაიყვანეს. ანიტა ქალაქ ჩენაის კლინიკაში იმყოფება და მკურნაობას განაგრძობს.

ანიტას თვითმფრინავის გადაადგილებას ინტერნეტში ასეულობით გულშემატკივარი ადევნებდა თვალს.

2 წლის ანიტა ფაცაცია, დილატაციურ კარდიომიოპათიას ებრძვის. მას გულის გადანერგვა ესაჭიროება, რაც სხვადასხვა პრობლემასთან არის დაკავშირებული.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ანიტა სამკურნალოდ ავსტრიაში იმყოფებოდა, თუმცა გულის გადანერგივს ოპერაცია ადგილზე ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანა გახდა აუცილებელი. ოპერაციაზე თანხმობა მხოლოდ ინდოეთმა განაცხადა, თუმცა ოჯახი ამ დრომდე ელოდება დონორის გამოჩენას.

პროცესში ჩართულია საქართველოს ელჩი ინდოეთში, არჩილ ძულიაშვილი. 17 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩების კონფერენციაზე თქვა, რომ 2 წლის ანიტა ფაცაციას მიღებაზე ინდოეთში მდებარე კლინიკამ თანხმობა განაცხადა. მინისტრმა საქართველოს ელჩს ინდოეთში ტრიბუნიდან საჯაროდ მოუწოდა, არ დარჩენილიყო აღნიშნულ კონფერენციაზე და დაუყონებლივ გამგზავრებულიყო ინდოეთში, რათა 2 წლის პაციენტის საკითხი პირად კონტროლზე აეყვანა. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system