ერთ ჰექტარზე მთავრობა ფერმერს 850-დან 1 700 ლარამდე დაეხმარება

ფერმერებისთვის პირდაპირი დახმარება ერთ ჰექტარზე 850-დან 1 700 ლარამდე შეადგენს - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, დახმარებას 200 000 ოჯახი მიიღებს, თუმცა მთავრობა იმედს გამოთქვამს, რომ მეტი ფერმერი დაარეგისტრირებს მიწას და უფრო მეტი ბენეფიციარი ჩაერთვება პროგრამაში.

„პირდაპირი დახმარება, რომელსაც ფერმერი იღებს, აგრობარათის, აგროდიზელის, სამელიორაციო გადასახადის შეღავათით თუ საბრუნავი საშუალებების საკრედიტო თანადაფინანსების კუთხით, ერთ ჰექტარზე შეადგენს 850 ლარიდან 1 700 ლარამდე. 850 ლარიდან 1 700 ლარამდე გამოდის შეღავათი როგორც საპროცენტო თანადაფინანსების, ისე პირდაპირი დაფინასნების კუთხით. ეს არის პირდაპირი დახმარება და ამას მიიღებს 200 000 ფერმერი, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მეტი ფერმერი დაარეგისტრირებს მიწას, ჩაერთვება პროგრამაში და უფრო მეტი ბენეფიციარი გვეყოლება. 200 000 ფერმერის უკან, რა თქმა უნდა, დგანან ოჯახის წევრები და ეს არის 200 000 ოჯახის დახმარება”, - განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციაზე მთავრობა 10 მილიონი ლარს დახარჯავს.

პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა 200 ათას ფერმერს 300 მილიონი ლარით დაეხმარება.

ფერმერები რეგისტრირებულ 1 ჰექტარ მიწაზე 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ამავე ოდენობის მიწაზე მათ შეეძლებათ დიზელი შეიძინონ საბაზრო ფასზე ლარით იაფად.

ყველა ფერმერი 2020 წელს მთლიანად გათავისუფლდნენ საირიგაციო, ანუ სარწყავი წყლის, გადასახადისგან.

ფერმერთა საგადასახადო შეღავათების ბიუჯეტი 13 მილიონი ლარია.

პრემიერმა განაცხადა, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს , რომ საქართველოში დაუმუშავებელი მიწა აღარ დარჩეს.

მთავრობა მცირემიწიან ფერმერებსაც დაეხარება.

მესათბურე ფერმერებს კი ხელისუფლება ხარჯების ნახევარს დაუფინანსებს, ხოლო კოოპერატივებს ხელისუფლება მაქსიმუმ 25 000 ლარით დააფინანსებს.

ფერმერები ისარგებლებენ საბანკო შეღავაღებითაც.

ცნობისთვის, პრემიერი ფერმერებს მიწების რეგისტრირებას სთხოვს. მისივე პროგნოზით, ქვეყანაში, 3 წლის განმავლობაში, სრულად იქნება აღრიცხული და რეგისტრირებული ნებისმიერი სახის მიწა.