თავში

პრემიერი ფერმერებს მიწების რეგისტრირებას სთხოვს

პრემიერი ფერმერებს მიწების რეგისტრირებას სთხოვს
პრემიერი ფერმერებს მიწების რეგისტრირებას სთხოვს

ქვეყანაში, 3 წლის განმავლობაში, სრულად იქნება აღრიცხული და რეგისტრირებული ნებისმიერი სახის მიწა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დაწესებული შეღავათები და დახმარებები იმ ფერმერებსაც შეეხება, რომელთაც რაიმე მიზეზით მიწა დარეგისტრირებული არ აქვთ და წლის ბოლომდე ამას მოახერხებენ.

„ყველა ის დახმარება ფერმერებისთვის, რასაც სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს, პირდაპირ არის დაკავშირებული დარეგისტრირებულ მიწასთან. იმისთვის, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ფერმერების განვითარებას, ყველა ის ადამიანი, ვისაც შეიძლება რაიმე მიზეზით მიწა არ აქვს დარეგისტრირებული და წლის ბოლომდე მოახერხებს მიწის რეგისტრაციას, ამ შეღავათებით და დახმარებებით ისარგებლებს. ეს ნიშნავს, რომ ამ პროგრამის გარკვეული ნაწილი მომავალი წლის რაღაც პერიოდსაც მოიცავს. ჩვენ ვეხმარებით ფერმერებს, სოფელს, ესაა ზრუნვა არა მხოლოდ სოფელში მცხოვრებ ადამიანებზე, არამედ ჩვენს თითოეულ მოქალაქესა და ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოებაზე. გარდა ამისა, მინდა, თითოეულ ფერმერს მოვუწოდო, ყველა ის მიწა, რომელიც მათ აქვთ სარგებლობაში და შეუძლია იყოს რეგისტრირებული, რაც შეიძლება სწრაფად დაარეგისტრირონ, რათა გახდნენ ბენეფიციარები ყველა იმ პროგრამისა, რასაც დღეს სახელმწიფო მათ სასარგებლოდ ახორციელებს. ესაა მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი ამ ღონისძიებებისა, დეტალურად, თუ როგორ, როდის, რა ფორმით და მოცულობით გაუწევს სახელმწიფო თითოეულ ფერმერს დახმარებას, ამას დღეს ლევან დავითაშვილი წამოგვიდგენს. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ მიმართულებით უდიდესი და ძალზედ საინტერესო სამუშაო გასწია, რისთვისაც მინდა, მას მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციაზე მთავრობა 10 მილიონი ლარს დახარჯავს.

პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა 200 ათას ფერმერს 300 მილიონი ლარით დაეხმარება.

ფერმერები რეგისტრირებულ 1 ჰექტარ მიწაზე 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ამავე ოდენობის მიწაზე მათ შეეძლებათ დიზელი შეიძინონ საბაზრო ფასზე ლარით იაფად.

ყველა ფერმერი 2020 წელს მთლიანად გათავისუფლდნენ საირიგაციო, ანუ სარწყავი წყლის, გადასახადისგან.

ფერმერთა საგადასახადო შეღავათების ბიუჯეტი 13 მილიონი ლარია.

პრემიერმა განაცხადა, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს , რომ საქართველოში დაუმუშავებელი მიწა აღარ დარჩეს.

მთავრობა მცირემიწიან ფერმერებსაც დაეხარება.

მესათბურე ფერმერებს კი ხელისუფლება ხარჯების ნახევარს დაუფინანსებს, ხოლო კოოპერატივებს ხელისუფლება მაქსიმუმ 25 000 ლარით დააფინანსებს.

ფერმერები ისარგებლებენ საბანკო შეღავაღებითაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system