რა შემთხვევაშია შესაძლებელი მიწის უფასოდ რეგისტრაცია

ყველა ფერმერს, რომელიც ლეგალურად ფლობს მიწის ნაკვეთს და გარკვეული ტიპის დამადასტურებელი საბუთი გააჩნია, მიწის რეგისტრაცია უფასოდ შეეძლება, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ სპორადული რეგისტრაციის რეფორმა, ეს არის იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც მსხვილ საკანონმდებლო პაკეტს მოიცავდა, რომელიც პრაქტიკულად იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა ბლოკის მუშაობას განაპირობებდა იმისთვის, რომ არქივიდან მოძიებულიყო ინფორმაცია უფასოდ, რეგისტრაცია ყოფილიყო უფასო და ა.შ. ეს რეფორმა დღესაც ძალაშია, მთავრობამ გაახანგრძლივა და ფაქტობრივად, ყველა ფერმერი, რომელიც ლეგალურად ფლობს მიწის ნაკვეთს და გარკვეული ტიპის დამადასტურებელი საბუთი გააჩნია, შეძლებს უფასოდ მიწის რეგისტრაციას. წლის განმავლობაში პროექტი გრძელდება და წლის ბოლოსაც რომ მოახდინოს ფერმერმა რეგისტრაცია, ის ამ შეღავათს მაინც მიიღებს, მომავალ წელსაც რომ გადავიდეს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციაზე მთავრობა 10 მილიონი ლარს დახარჯავს.

სამთავრობო დახმარებისა და შეღავათების მიღების პირობა არის რეგისტრირებული მიწის ფლობა, ანუ დახმარებებს და შეღავათებს მხოლოდ რეგისტრირებული მიწის მფლობელი ფერმერები მიიღებენ.

ცნობისთვის, რეგისტრირებულ ერთ ჰექტარზე მთავრობა ფერმერს 850-დან 1 700 ლარამდე დაეხმარება.

პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა 200 ათას ფერმერს 300 მილიონი ლარით დაეხმარება.

ფერმერები რეგისტრირებულ 1 ჰექტარ მიწაზე 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ამავე ოდენობის მიწაზე მათ შეეძლებათ დიზელი შეიძინონ საბაზრო ფასზე ლარით იაფად.

ყველა ფერმერი 2020 წელს მთლიანად გათავისუფლდნენ საირიგაციო, ანუ სარწყავი წყლის, გადასახადისგან.

ფერმერთა საგადასახადო შეღავათების ბიუჯეტი 13 მილიონი ლარია.

პრემიერმა განაცხადა, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს , რომ საქართველოში დაუმუშავებელი მიწა აღარ დარჩეს.

მთავრობა მცირემიწიან ფერმერებსაც დაეხარება.

მესათბურე ფერმერებს კი ხელისუფლება ხარჯების ნახევარს დაუფინანსებს, ხოლო კოოპერატივებს ხელისუფლება მაქსიმუმ 25 000 ლარით დააფინანსებს.

ფერმერები ისარგებლებენ საბანკო შეღავაღებითაც.

ცნობისთვის, პრემიერი ფერმერებს მიწების რეგისტრირებას სთხოვს. მისივე პროგნოზით, ქვეყანაში, 3 წლის განმავლობაში, სრულად იქნება აღრიცხული და რეგისტრირებული ნებისმიერი სახის მიწა.