საქართველო-აზერბაიჯანის ტრანსასაზღვრო ციფრული პლატფორმა იქმნება

საქართველო-აზერბაიჯანის ტრანსასაზღვრო ციფრული პლატფორმა იქმნება. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრისას განაცხადა. მან, როგორც ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, მონაწილეობა მიიღო ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (CAREC) მაღალი დონის შეხვედრაში, თემაზე: „რეგიონული თანამშრომლობის აღდგენა ციფრული ტრანსფორმაციის გზით“. სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა CAREC-ის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობა და ლოგისტიკური დერეფნის ფორმირება, აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მთავარი მიზნებია.

„ამ მიმართულებით, მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს აზიის განვითარების ბანკი. ესაა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ერთიანი საბაჟო-გამშვები პუნქტის ინოვაციური იდეა. ეს არის პროექტი, რომელიც ქმნის არა მხოლოდ მყარ ინფრასტრუქტურას. პროექტი შეიმუშავებს ციფრულ პლატფორმას, რომელიც დაკავშირებული იქნება ორივე ქვეყნის ინფორმაციულ სისტემებთან. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს მნიშვნელოვნად გააადვილებს ტრანსსასაზღვრო გადაადგილებას და შესაძლოა, გახდეს კარგი მოდელი CAREC- ის დერეფნისთვის“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა და ისიც განმარტა, თუ რას მისცემს CAREC-ის ქვეყნებს სატრანსპორტო დერეფნების გაციფრულება. მინისტრის შეფასებით, CAREC-ის წევრ ქვეყნებს შორის სტანდარტების ჰარმონიზაციის ციფრულმა გადაწყვეტამ, მონაცემთა გაცვლის კოორდინირებულმა სისტემამ, შესაძლოა, გაზარდოს აღნიშნული დერეფნის პოტენციალი.

აზიის განვითარების ბანკის გარდა, სატრანსპორტო დერეფნის გაციფრულებაში საქართველოს აშშ-იც დაეხმარება

ცნობისთვის, საქართველოს დერეფანი გაციფრულდება. საქართველოს სატრანზიტო სისტემის კომპიუტიზირებას, ანუ გაციფრულებას, 1000 000 ევრო მოხმარდება. საუბარია დერეფნის გაციფროვნებაზე, რომლის ერთ ერთი მთავარი ელემენტი საბაჟოების ერთიან ციფრულ პლატფორმაზე მუშაობაა. საქართველოს სარკინიგზო დერეფნის გაციფრულება ჯერ მხოლოდ თეორიულ დონეზეა. საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის განვითარების მიზნით ევროკავშირთან TWINNING - ის პროექტი განხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 1,250,000 ევროს, რომელიც სრულად ფინანსდება ევროკავშირის მიერ. პროექტის განხორციელების ხანგრძლივობაა 24 თვე. ეს ინიციატივა ცალსახად დადებითად ფასდება ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტების მხრიდან. დერეფნის დიგიტალიზაციის პირველი ეტაპი, უხეში გათვლებით, დაჯდება 5-6 მლნ ლარი. საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაზე 2020 წელს 21 მლნ ლარი დაიხარჯა. 2020 წლის ბოლოს სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის სამუშაოების 93% უკვე შესრულებული იყო, თუმცა პროექტის სრულად დასრულების თარიღმა 2 წლით გადაიწია და მისი მოდერნიზაციის დასრულება 2022 წლისთვის გადაიდო. რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ბიუჯეტი 248 მლნ შვეიცარიული ფრანკია. პროექტი სრულად საქართველოს რკინიგზის მიერ ფინანსდება. მოდერნიზაციის შემდეგ, სარკინიგზო გადაზიდვები უნდა გამარტივდეს და გამტარუნარიანობა 25 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე (მომავალში 100 მლნ ტონამდე გაფართოების შესაძლებლობით) უნდა გაიზარდოს.

TRACECA-ს დერეფანში საბაჟო პროცედურების გაციფრულებაც იგეგმება, ანუ ამ დერეფანში ტრანზიტის ნებართვის ერთიანი პირობები იმოქმედებს.

შეგახსენებთ, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით, DCFTA-ით, გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ - „ტრანზიტის საერთო პროცედურების შესახებ“ (CTC) და „ერთიანი ადმინისტრირების დოკუმენტის“ (SAD) კონვენციებთან მიერთებისა და „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის“ NCTS-ის იმპლემენტაციის მიზნით, ახალი პროექტი იწყება, რომლის ფარგლებში, ევროკავშირსა და „გაეროს კონფერენცია ვაჭრობისა და განვითარების შესახებ (UNCTAD)“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიზანია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისათვის ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი ბიუჯეტია 1000 000 ევრო, ხოლო ხანგრძლივობა 24 თვეა.