რა ბიძგს მისცემს საგარანტიო სქემის ამოქმედება ბიზნესს

გეგმის ფარგლებში გადავაწყვეთ დღევანდელი ხანძრის ჩაქრობის რეჟიმში ჩვენი ძირითადი პროგრამები, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ანტიკრიზისული გეგმის ანალიზისას.

ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში შექმნილმა ბიზნესებმა კრიზისისას შეძლეს გადარჩენა და გვერდში დაუდგნენ საქართველოს. 

მინისტრი განმარტავს, რომ სწორედ ეს ბიზნესები აწარმოებენ დღეს ისეთ მნიშვნელოვან და დეფიციტურ პროდუქციას, როგორიცაა პირბადეებს და სამედიცინო აქსესუარები, აღჭურვილობა.

"აწარმოე საქართველოში" პროგრამა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გახდება უფრო მორგებული დღევანდელ საჭიროებებზე, გაიზრდება სესხების თანადაფინანსების პროცენტი და მოერგება საბაზრო პროცენტს, იმიტომ რომ დღეს რეალურად საბანკო სესხის მიღება უფრო რთული ხდება ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე. ამ პროექტის მოცვა გაიზრდება და უფრო მეტი რაოდენობის სესხი იქნება მხარდაჭერილი ბიზნესებისთვის.  ჩვენ ავამოქმედებთ საკრედიტო-საგარანტიო სქემას, რომელიც როდესაც ეკონომიკა ყვაოდა, 2018-2019 წლებში არ იყო მოთხოვნადი, რადგან რისკები ეკონომიკაში იყო დაბალი. დღეს ბანკებთან და ბიზნესებთან კომუნიკაციით ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დადებითი როლის შესრულება შეუძლია, კერძოდ გაიზრდება მოცულობა 300 მლნ ლარით, სულ მცირე და თუ მეტი იქნება საჭირო, მომავალში მეტ დაფინანსებასაც ავსახავთ," - თქვა მინისტრმა და დასძინა, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში, თანაუზრუნველყოფაში მეწარმეს მთავრობა გაყვება საბანკო სესხის 90%-ში, თუკი ეს საუბარი იქნება ახალ სესხზე.

"დღეს ბევრ ბიზნესს დასჭრიდება ახალი სესხი, იმიტომ რომ დღეს ელემენტარულად შემოსავლები შეუმცირდათ, ან გაუნულდათ და სჭირდებათ საბრუნავი საშუალებები, დამატებითი რესურსის მოზიდვა. ეს პროგრამა, რომელიც აქამდე მხოლოდ ახალ პროექტებზე და განვითარებაზე იყო ორიენტირებული, დღეს უკვე დაეხმარება მათ შორის არსებულ ბიზნესებს, არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის ნაწილში. ანუ თუ ბანკი ბიზნესს გაუმარტივებს სესხის გადახდას, ჩვენ 30%-ის თანაუზრუნველყოფას შევთავაზებთ ბიზნესსაც და ბანკსაც, რომ ეს მარტივად მოხდეს. აქედან გამომდინარე, საკრედიტო-საგარანტიო სქემის დატვირთვა იქნება ძალიან მაღალი. ამით ჩვენ ვამცირებთ რისკებს“, - განმარტა ეკონომიკის მინისტრმა. 

ცნობისთვის, დღეს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. დახმარება შესთავაზა, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს

უხელფასო შვებულებაში მყოფებსა და უმუშევრად დარჩენილებს მთავრობა 6 თვე 200 ლარით დაეხმარება.

300-ლარიან დახმარებას სთავაზობს ხელისუფლება თვითდასაქმებულებს მათი იდენტიფიცირების შემდეგ.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა ბიზნესს დღგ-ს უკან დაუბრუნებს.

კომპანიები, რომელიც შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს, 6 თვის განმავლობაში750 ლარის ოდენობის სრულ სუბსიდირებას მიიღებს საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში.

კრიზისული მენეჯმენტისთვის ხელისუფლება სულ 3 მილიარდ ნახევარს დახარჯავს.

მთავრობა ბანკებს 600 მილიონ ლარს მიაწვდის.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკა ექვს ეტაპად გაიხსნება.

მეწარმეების დასახმარებლად მთავრობა "აწარმოე საქართველოს" პროგრამას აფართოებს და თანადაფინანსებას ზრდის.

მთავრობა ეხმარება სოფლის მეურნეობის სექტორის მეწარმეებსაც.

მთავრობისთვის პრიორიტეტული ხდება ფერმერი და სოფლის მეურნეობა.

აგროწარმოებაში ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად მასშტაბური სამუშაოები იწყება.

იცვლება "შეღავათიანი აგროკრედიტის" დაფინანსების მიღების პირობები.

სოფლად მცირე ბიზნესის წამომწყებიც კი 30 ათასი ლარით დაფინანსდება.

დაჩქარდება მიწის სისტემური რეგისტრაციის ტემპი.