თავში

"შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში“ ცვლილებებია

"შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში“ ცვლილებებია
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში“ ცვლილებებია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. გეგმის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღონ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უმოკლეს დროში შემუშავდა ახალი პროექტები; არსებული რეალობის გათვალისწინებით, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა მიმდინარე პროექტებშიც.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ექვს წელიწადზე მეტია ახორციელებს.

პროექტის ძირითად ამოცანებს ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება წარმოადგენს.

პროექტი მიმდინარეობის მანძილზე განიცდიდა ცვლილებებს დარგში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე.

ცვლილებების თანახმად, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სესხები გაიცემა 5 000 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სახელმწიფო მოახდენს ექვსი თვის საპროცენტო განაკვეთის სრულად დაფინანსებას. აღნიშნული ცვლილებით ფერმერები შეძლებენ სესხი გადაიხადონ იმ მომენტისთვის როცა მიიღებენ მოსავალს. აღსანიშნავია, რომ სახელწიფოს პროექტის დაწყებიდან დღემდე სრულად პროცენტის თანადაფინანსება არ მოუხდენია.

გარდა ამისა, ძირითად საშუალებების კომპონენტში იზრდება თანადაფინანსების პროცენტი, არსებული წლიური 8%-ს ნაცვლად იქნება 11%. სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით. ასევე, იზრდება ლიზინგის თანადაფინანსების პროცენტი, ნაცვლად არსებული 9%-სა იქნება 12 %. ძირითადი საშუალებების კომპონენტს და ლიზინგს ემატება ასევე ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოების და მაკარონის ნაწარმის წარმოების დაფინანსება.

მეცხოველეობის დარგის მხარდაჭერის მიზნით პროექტს ემატება მეორადი უზრუნველყოფის კომპონენტი, რომელიც მოიცავს ხელშეწყობას მეხორცული მიმართულებით საბრუნავი საშუალებებისათვის გაცემულ სესხებზე. იმ შემთხვევაში თუ ფერმერს არ ექნება საკმარისი ღირებულების გიროა საკუთარი სესხის უზრუნველყოფისთვის, სახელმწიფო მოახდენს სესხის თანხის 50%-ით უზრუნველყოფას.

პროექტს დაემატა ახალი ქვეკომპონენტი სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისთვის, რომლის ფარგლებში სესხი გაიცემა 1 500 001 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით. სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას სააგენტო მოახდენს წლიური 10%-ის მოცულობით 24 თვის განმავლობაში. პროექტს ასევე ემატება სასურსათო მრეწველობის აგროლიზინგის მიმართულებით დაფინანსება, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება იქნება 12%, 24 თვის განმავლობაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system