თავში

როგორ ვიკვებოთ სწორად ზამთარში

როგორ ვიკვებოთ სწორად ზამთარში

როცა ჩემ ცხოვრებაში დიეტების და კვებითი შეზღუდვების დაწესების დრო დადგა, ზამთარი იყო, თუმცა,  არ მიმიქცევია ყურადღება და არ შეუქმნია დისკომფორტი იმას, რომ რამე პროდუქტი, რაც დიეტისთვის მჭირდებოდა, ვერ ვიშოვე, რადგან ყველაფერი იყიდება, მაგრამ მას მერე, რაც მივხვდი, რომ დიეტა მხოლოდ მოკლევადიანი დროებითი შედეგია და ჯანსაღი კვება ჩემი ყოველდღიური ცხოვრების წესი გახდა, გარდა სეზონური და ადგილობრივი პროდუქტის სარგებლობისა, გავიგე, რომ ჩვენს ორგანიზმს ზამთარში სხვა პროდუქტები სჭირდება „თავის გასატანად“ და ზაფხულში სხვა.

თუმცა, დიეტების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რადგან პირადად ჩემთვის რამოდენიმე კარგად დაბალანსებული დიეტა აღმოჩნდა გზა სწორი კვებისკენ. ყველაფერი უფრო მარტივია, ვიდრე ჩვენ გვეჩვენება. მხოლოდ ორგანიზმის მოსმენაა საჭრო. მაგალითად გაზაფხულზე და ზაფხულში ასე სასურველი ფერადი და გრილი სალათების ნაცვლად უფრო ცხელი და არომატული წვნიანები თუ სხვა კერძები გვინდება. ეს ორგანიზმის გამოძახილია. ხოდა მშვენივრად შეგვიძლია დავაბალანსოთ ჩვენი რაციონი ისე, რომ არც გადაჭარბებული კალორიები მივიღოთ და არც ორგანიზმი დავსტრესოთ. მე მომხრე ვარ და ვეთანხმები აზრს, რომ სტრესი ყველაფრის მტერია. ახლა ჩამოვუყვეთ იმ აუცილებელ პროდუქტებს და რამოდენიმე კერძს და გავიაროთ ზამთრის დღიური რაციონი:

საუზმედ ფაფები

დილის ცივი სმუზი ან პუდინგი ჩავანაცვლოთ ფაფებით.

ჩემთვის იდეალურია შვრიის ფაფა ყველით ან წიწიბურა ხაჭოთი. შეიგძლიათ შვრია მიიღოთ სეზონური ხილით, ჩირით და თხილეულით. თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. მთავარია მიიღოთ ბურღულეული ანუ რთული ნახშირწყლები და ცილა, რათა ორგანიზმში გადამუშავების პროცესი 2-3 საათი გაგრძელდეს და მალე არ მოგვშივდეს.

წავიხემსოთ C ვიტამინით

C ვიტამინი, რომ ჩვენი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის აუცილებელია ეს უკვე ვიცით და უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად მივიღოთ ლიმონი, ფორთოხალი და გრეიპფრუტი, გოგრა, ჭარხალი, სტაფილო, იგი უნიკალურია იმითაც, რომ თერმულად დამუშავების შემდეგ ყველაზე მეტად ინარჩუნებს C ვიტამინს. სტაფილო და ჭარხალი შაქარს მომეტებულად შეიცავს ამიტომ კარგი წასახემსებელია მათთვის ვისაც ტკბილი განსაკუთრებით უყვარს. წასახემსებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ გოგრაც. ჯინჯერის და ლიმონის ჩაისთან ან დარიჩიანიან რძესთან ერთად ერთი ულუფა გოგრა ან სტაფილოს და ჭარხლის დესერტი ბევრად უფრო დაბალკალორიული და ჯანსაღია. თან სეზონსაც უხდება.

სადილი 

გვირჩევენ მივიღოთ რკინით მდიდარი საკვები - საქონლის ხორცი, პარკოსნები, ფოთლოვანი ბოსტნეული. თევზი, კვერცხი და ყველი ასევე B ჯგუფის ვიტამინების შესანიშნავი წყაროა. ზამთარს უხდება სანელებლები, შიგნიდან გვათბობენ თითქოს. ხორცის მომზადებისას აქტიურად ვიყენებ ქუმინს, როზმარინს, და პაპრიკას. მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის სახით კი თუთიით მდიდარ ისპანახს ვამატებ. რადგან ფოთლოვანი ბოსტნეული დაბალკალორიული და მოცულობითია. ულუფაც სავსე გამოდის და არც კალორიების ნორმას ვაჭარბებ. ჩემთვის ასევე აქტუალობას არასდროს კარგავს კიტრი და პომიდორი. ზამთარში დაბალკალორიული და გემრიელი სადილია ცხელი წვნიანები - სოკო, გოგრა, პარკოსნები, სხვადასხვა ბოსტენული, არჩევანი დიდია.

პირადად მე ადამიანების იმ კატეგორიას მივეკუთვნები, ზამთარში, რომ ენერგიით სავსეა და არაფერი ეზარება. მაგრამ მათთვის, ვისაც ენერგიის წყარო სჭირდება, სპეციალისტები თხილეულის ჩართვას ურჩევენ ყოველდღიურ რაციონში. გემრიელი ქეშიუ, ნუში, ფისტა და ნიგოზი, თურმე არამარტო ვიტამინებისა და მინერალების წყაროა, არამედ ზამთრის მოწყენილობასა და ენერგიის სიმცირესთან ბრძლაშიც გვეხმარება.

ბოლოსთვის გავმეორდები, რომ უმთავრესია პორცია ვაკონტროლოთ და მიღებული და დახარჯული კალორიების რაოდენობა დავაბალანსოთ. ვისაც ამ ეტაპზე სპორტ დარბაზის სტუმრობა არ უნდა,  სახლში ვარჯიში აპლიკაციის დახმარებით ან სუფთა ჰაერზე სიარული მშვენიერი გამოსავალია. წინ უამრავი სეზონური დღესასწაულია და გარწმუნებთ, რომ სწორი ბალანსით, მომატებულ სანტიმეტრებს გაზაფხულზე არ დავითვლით !

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system